თეთრ სახლში აცხადებენ, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან უკრაინა იარაღს უკვე იღებს
„სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან უკრაინა უკვე იღებს იარაღს“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
როგორც პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, რადგან, მისი თქმით, საუბარია ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე.
„დახმარება უკრაინაში მიდის, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე დაეხმარება, რათა თავის დაცვა შეძლონ.
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გასულ კვირას დაამტკიცა. მანამდე ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ნაწილი პაკეტის დამტკიცებიდან ერთი კვირის ვადაში მიეწოდებინათ.