საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს. ასევე სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და ონლაინ აღრიცხვას უზრუნველყოფს.
საქართველოს რკინიგზაში გადაზიდვების აღრიცხვის ელექტრონული საბუთების წარმოება 2017 წლიდან დაინერგა, რომელიც გულისხმობს შიდა გადაზიდვების აღრიცხვას, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების წარმოებას, როგორც შიდა, ასევე (ნაწილობრივ) საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებზე მიმდინარე დიგიტალიზაციის პროექტების, სარკინიგზო კომპანიების ერთიანი ელექტრონული დოკუმენტების წარმოებისა და ონლაინ რეჟიმში მონაცემების გაცვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.