თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს
„გაუგონარი რაღაც მოხდა. ჯარისკაცების წინაშე გამოვიდა სტატუსით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ჩაატარა მიტინგი. კი არ მიულოცა, პოლიტიკური მიტინგი ჩაატარა“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იყო ჯარის პოლიტიზების მცდელობა.
„ჯარის პოლიტიზება არაფრით არ შეიძლება! ჯარის პოლიტიზება არის სამარცხვინო საქციელი. თუმცა, რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს. რა თქმა უნდა, არაფერს კარგს, მაგრამ მთლად ამას თუ გააკეთებდა ჯარის წინაშე და ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე, ამას ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენდი. არ შეგიძლია, რომ საიუბილეო შეხვედრაზე ჩვეულებრივად მიმართო და მიულოცო ადამიანებს? მოვიგონოთ წასულები, რომლებმაც თავი დადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საქართველოს თავისუფლებისათვის და საერთაშორისო მისიებში? არა, მიტინგი უნდა ჩაეტარებინა და ჩაატარა. მივიდეთ, ყვავილები ერთად მივიტანოთ, 364 დღე არ გვეყოფა, რომ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ? არა, ეს ერთი ლამაზი დღეც უნდა ჩაგაშხამონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიის მანძილზე, ქართულ ჯარს არასდროს ჰქონია ისეთი ბიუჯეტი, როგორიც ახლა აქვს.
„არასდროს ქართულ ჯარს ბიუჯეტი ასეთი არ ჰქონია. იარაღის წარმოება არ ჰქონია ასეთი მასშტაბების და ასეთი ხარისხის. ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არასდროს ყოფილა ჯარში და ასეთი შეიარაღების წარმოება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.