საზოგადოება „ქართული“ ამერიკელ სენატორებს მიმართავს
საზოგადოება „ქართული“ ამერიკელ სენატორებს მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გვსურს გამოვეხმაუროთ ამერიკელი სენატორების ბოლო განცხადებას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით:
ჩვენ, ქართველებმა ვიცით მეგობრობის და პარტნიორობის ფასი. შესაბამისად, დიდად ვაფასებთ აშშ-ს მრავალწლიან მხარდაჭერას და არაღიარების პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების, ეკონომიკის და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში ამერიკის მრავალწლიან ძალისხმევას და თანადგომას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველო, როგორც სტრატეგიული და თანაბარუფლებიანი პარტნიორი და მეგობარი, ასევე ათწლელულებია აშშ-ს გვერდით იდგა და დგას ტერორიზმის, თუ სხვადასხვა საერთაშორისო უსაფრთხიების ამოცანებისა და გამოწვევების დაძლევაში (ერაყი, ავღანეთი). ასევე, გლობალურ დიპლომატიურ სარბიელზე, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-ს ინტერესების მხარდამჭერი და გამზიარებელი. შესაბამისად, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა თანაბარუფლებიან და თანასწორ პარტნიორულ ურთიერთობას უნდა ეფუძნებოდეს და არა ვასალობის პრინციპებს.
ჩვენს, წუხილს იწვევს თქვენი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს მკვეთრად ემოციური და არადიპლომატიური ტონით, გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.
მართალია, საქართველო ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა ერის უწყვეტობის მრავალსაუკუნივანი ტრადიციით, ქართველი ერი ერთ-ერთი უძველესი ერია მსოფლიოში, რომელიც მუდმივად იბრძოდა და იმარჯვებდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ კარგად გვესმის და ვიაზრებთ, რომ მრავალი თაობის ბრძოლისა და თავგანწირვის შემდეგ მოპოვებული ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და ერის სუვერენული უფლება, თავად ვმართოთ ჩვენი ბედი, დათმობას და გადახედვას არ ექვემდებარება.
ჩვენ მივესალმებით აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთიბების გაღრმავებას და პარტნიორობის ახალი ეტაპზე ასვლას. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განიხილოთ საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები უვიზო მიმოსვლის, პირდაპირი ფრენების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რაც სიკეთეს მოუტანს ქართველ და ამერიკელ ხალხს.
მუქარა და შანტაჟი არ არის მეგობრებს შორის ურთიერთობის ჯანსაღი ფორმა. დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ გადის განვითარების მნიშვნელოვან გზას , თუმცა ყოველთვის აქვს მზაობა, იბრძოლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. მიგვაჩნია, რომ როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს სრული ლეგიტიმური უფლება იცოდეს ვინ და რისთვის ხარჯავს ფულს ჩვენ ქვეყანაში. ასევე, საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად განსაზღვროს, რა კანონი, ან გადაწყვეტილება სჭირდება ქვეყანას ამა თუ იმ მოცემულობაში. არავის აქვს უფლება გვიკარნახოს პოლიტიკური დღის წესრიგი. ამიტომ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებთან უკიდურესად შეუსაბამო განცხადებებისაგან და ერთად ვიზრუნოთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში აღებული ურთიერთვალდებულებების შესრულებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გავაღრმაოთ ჩვენს ხალხებს შორის თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – ნათქვამია მიმართვაში.