პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო
პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა დაიწყო.
საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.
დეპუტატებმა შეკითხვები დასვეს კანონპროექტის პირველ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც კანონის მიზანსა და მოქმედების სფეროს შეეხება.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია გამჭვირვალობა და ის ევროკავშირის დირექტივას ეფუძნება. მისივე თქმით, ევროკავშირის დირექტივის თანახმად, თუ მესამე სახელმწიფოდან ხდება დაფინანსება, ეს საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შესაბამისი ორგანიზაცია მიჩნეული იქნეს უცხო სახელმწიფოს ინტერესების წარმომადგენლად.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს კანონპროექტის მეორე და მესამე მუხლებზე, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებსა და უცხოურ ძალას აზუსტებს.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა პლენარულ სხდომაზე ხვალ გაგრძელდება.