ნინო წილოსანი „გორგიას“ განცხადებაზე: როგორი მდაბიო განცხადებაა, ვერ აღვწერ. ადამიანების წახალისებაა, რომ უფრო მეტი პროტესტის მუხტი შემატონ ამ აქციას
„ამ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება, ამ ქვეყანაში რევოლუცია ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა გადაინაცვლოს 20 წლის წინანდელ განვითარების ეტაპზე და ეს მარტო შეიძლება აწყობდეს იმ ძალას, რომელიც ვერ მოდის ხელისუფლებაში არჩევნებით, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს სოციალურ ქსელში წამოწყებულ კამპანიაზე და მაგალითად „გორგიას“ ახალ პოსტზე, რომ სათვალეების და აირწინაღების ახალი მარაგი მიიღეს და არის რიგები.
„როგორი მდაბიო განცხადებაა, ვერ აღვწერ. ადამიანების წახალისებაა, რომ უფრო მეტი პროტესტის მუხტი შემატონ ამ აქციას. „გორგიას“ განცხადებაზე ვსაუბრობ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ყველა წამოყოფს თავს, ერთადერთი, რაც ძალიან კარგია, ისაა, რომ ყველა საშუალება გამოიყენეს, რაც ანარქისტული სცენარებისთვის ჰქონდათ მომზადებული. რაზეც ნამდვილად მენერვიულება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არ მოერიდებიან უკიდურეს ქმედებებს იმისთვის, რომ გაამწვავონ სიტუაცია. დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მართავენ სიტუაციას და ჩემი დიდი პატივისცემა მათ. თითოეულ სამართალდამცველს უწევს ზღვა შეურაცხყოფის, აგრესიის, ძალადობრივი შეტევის გადატანა.
ვიცით, რომ დაშავებულები არიან, მათ შორის სამართალდამცველები. მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, და მათ შორის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები არ არიან და არც შავი ფულის მიმღებები, რომ ნუ აჰყვებით რამდენიმე, ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციის და მათი წარმომადგენლის ბოროტ მიზნებს. ისინი თქვენ ყველას გიყენებენ იმისთვის, რომ საკუთარი მავნებლური გეგმები განახორციელონ და ფარად დაგიყენონ.
ვხედავთ თუნდაც აქციების მიმდინარეობისას, როგორ არიან უკანა პლანზე გადაწეული პოლიტიკოსები. ის ცნობილი ადამიანები, რომლებიც აქციას უძღვებიან, მათ შორის მწერლები, თუ სხვა ადამიანები, ემსახურებიან ყველაზე მავნებლურ და ბოროტ მიზნებს. ამ ქვეყანაში რევოლუცია არ მოხდება, ამ ქვეყანაში რევოლუცია ნიშნავს, რომ ქვეყანამ უნდა გადაინაცვლოს 20 წლის წინანდელ განვითარების ეტაპზე და ეს მარტო შეიძლება აწყობდეს იმ ძალას, რომელიც ვერ მოდის ხელისუფლებაში არჩევნებით, რომელსაც არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და ერთადერთი დარჩენია ანარქისტული სცენარის განხორციელება“, – აღნიშნა წილოსანმა.