არჩილ თალაკვაძე: როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება
„სახელმწიფო ყველგან, საქართველოშიც, ევროპაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ვალდებულია, რომ დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, საზოგადოება და სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესები. ამას აკეთებს საქართველოშიც სახელმწიფო და ამას აკეთებს, ზოგჯერ კიდევ უფრო მკვეთრი ფორმებით, სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში”, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ .
თალაკვაძის თქმით, მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება.
„როდესაც არის საფრთხეები, რეაგირებაც არის პროპორციული და ადეკვატური, შესაბამისად უფრო გასაკვირი და მოქალაქეებისთვის უფრო გაუგებარი იქნებოდა ვინმემ ქვეყნის არევა, დესტაბილიზაცია, დაპირისპირება და ძალადობა სცადოს ქუჩებში და არავინ არ გააკეთოს ამაზე რეაგირება. მაშინ სახელმწიფო აღარ იარსებებს და ის ვერ იდგება მოქალაქეების და ქვეყნის დასაცავად. საქართველო ასეთი არ არის დღეს და არც მომავალში არ იქნება ამის პირობას ჩვენ ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.