სსუ-ის ქიმიკოსთა მნიშვნელოვანი წარმატება

2024 წლის 30 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული პროექტების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურენტული ინოვაციების ფონდის რიგით მეორე კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 14-მა პროექტმა მოიპოვა. CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,2 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.
გამარჯვებულთა შორისაა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით წარდგენილი საგრანტო პროექტი „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“. პროექტის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ლალი ტაბატაძე.
CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. უფრო კონკრეტულად, დაფინანსების ფანჯრების მიზანია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმაროს, განახორციელონ მათი სტრატეგიული განვითარების გეგმები, განსაზღვრონ კონკრეტული მიმართულებები შემდგომი განვითარებისა და ინოვაციების კუთხით.
აღნიშნული პროექტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა ქიმიის მიმართულებით სადოქტორო პროგრამის „ბიოორგანული ქიმია“ განვითარების მიზნით. პროექტის განხორციელებით მოხდება ლაბორატორიების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ხელსაწყო-დანადგარების შეძენა, ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის ბაზის შექმნა-მოწყობა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი მუშაობის წახალისების მიზნით პოსტდოქტორანტურის სისტემის დანერგვა.
აღსანიშნავია რომ, პროექტის ფარგლებში ჩატარდება გრძელვადიანი ტრენინგები: „სწავლების თანამედროვე მეთოდები“, „კლიმატის ცვლილება და ნარჩენების მართვა“, „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება“. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდება კერძო სექტორის, სავარაუდო დამსაქმებლის, არასამთავრებო ორგანიზაციების ჩართულობით – დოქტორანტების, პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სადოქტორო პროგრამის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინოვაციური კვლევების განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივას შრომის ბაზარზე.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი აპარატურით ჩატარებული კვლევის შედეგებით, პროექტის თემატიკით პროექტში ჩართული დოქტორანტები წარსდგებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე და ასევე, პროექტის ფარგლებში მომზადდება და დაიბეჭდება სამეცნიერო ნაშრომები Scopus-ის და Web of Science-ის ინდექსირებად ბაზაზე რეგისტრირებულ ჟურნალებში..
ყოველივე ეს თანხვედრაშია კონკურენტული ინოვაციის ფონდის სტრატეგიულ მიზნებს და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 2018-2025 წწ. გეგმასთან. ამასთანავე, შესაბამება საქართველოს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვისა და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოებს.
ასევე იხილეთ