დავით ქართველიშვილი: ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი – არაფერი არ აინტერესებთ!!!

„რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის“ საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი“ თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში“, – მიმართავს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ მშობლებს, რომელთა შვილები ქუჩის აქციებში იღებენ მონაწილეობას. როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის თავის სათქმელს ამ პოსტში ამბობს.

„ამ დღეებში ძირითადად ერთ საერთო გულისტკივილზე მწერენ პირად მიმოწერაში ისეთ თემებზე, რომლებიც ან პროფესიონალი ფსიქოანალიტიკოსის, ან გამოცდილი მოძღვრის გასარჩევი საგანია. არც კომპეტენცია გამაჩნია და არც კადნიერება გაგცეთ პასუხი, თუმცა მესმის ეს ტკივილი: თქვენი შვილები „არარუსულკანონის“ აქციებზე დადიან. მესმის, იმიტომ, რომ ჩემი უახლოესი ნათესავი იმავე დღეშია. რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! შვილგარდაცვლილი მამა ვარ, რომელმაც შევძელი და ოჯახური ფასეულობები ინდივიდუალურ, შესაძლოა, განსხვავებულ შეხედულებებზე მაღლა დავაყენე. ამ ერთსულოვნების გამო მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ მარადიულ ფასეულობებში მომყვებით! მადლობა ჩემს უმცროს ვაჟს, რომელიც ამ დღეებში ბრიუსელში ეძებს საქართველოს EU-2030-ის პერსპექტივებს და „ბენდუქიძის უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული, უპირველეს ყოვლისა, თავის ქართველობას სცემს პატივს, პრინციპით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. რა გითხრათ, რით განუგეშოთ?! ალბათ რაღაც გამოგრჩათ შვილების აღზრდის, მათი გაქართველების მძიმე პროცესში. ძიძების მიერ გაზრდილი, „ბოლონიის“ საგანმანათლებლო სისტემით განათლებული, უეკლესიოდ მცხოვრები, ხშირ შემთხვევაში განქორწინებული მშობლების პირობებში „გამოჩეკილი“ თაობები, ადვილი ნადავლი გახდნენ ქართველების განსულიერებისა და გენმოდიფიცირებაზე მზრუნველი მონადირეების ხელში. ამ დღეებში გულწრფელად ვეკითხები საკუთარ თავს: საბჭოთა კავშირში დაბადებულს, წარსულში რუსეთთან დაკავშირებულს, რომელსაც არც აწმყოში და არც მომავალში ჩრდილოელ მეზობელთან ვასალური, კოლონიალური ურთიერთობის მესამედ (!) დამყარების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, ამ თაობის გარკვეული ნაწილის დაინფიცირება, იყოს ვიღაცის მონა, ლაქია და მარიონეტი, საიდან გამოგვეპარა? ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ვცდილობთ მოვიპოვოთ ეკონომიკურად მსუყე, პოლიტიკურად მდგრადი და ევროპულად პერსპექტიული გარემო. ამავდროულად, თანმიმდევრულად ვუახლოვდებით სოხუმსა და ცხინვალს, მაგრამ, ჩვენი შვილების ნაწილს არც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, არც ეკონომიკური აღმავლობა, არც ეროვნული ღირსება, არც ტრადიციული ქართველობა, არც ღირსეულ ევროპულ ოჯახში კუთვნილი ადგილი – არაფერი არ აინტერესებთ!!! დაქოქილი თუთიყუშებივით, უაზროდ, უინტელექტოდ, დაზომბირებულები, ჩლუნგები გაიძახიან ერთ და იმავე სტიგმატიზებულ ტექსტებს, რომლის მიღმა არც ინტელექტი, არც აზროვნება, არც ქართველობა, არც სარწმუნოება, უბრალოდ, არ იკითხება. ხვალინდელი დღე მათაც გაუთენდება, გენეტიკური აზროვნება ამ ფსკერსაც გახეთქავს და ყველა აზრზე მოვა. მაგრამ დღეს, თქვენ მშობლებო, ვისი შვილებიც სხვისი „კუკლავოდის“ ხელში მარიონეტებად ჩააბარეთ, მე ნუღარ შემაწუხებთ. ჩემი სათქმელი გითხარით!“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ