სოზარ სუბარი: დასადასტურებელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ერთგულებაა სტრატეგიული პარტნიორობისადმი
„დასადასტურებელი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ერთგულებაა სტრატეგიული პარტნიორობისადმი”, – ასე გამოეხმაურა სოზარ სუბარი საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებას, რომელშიც დიპლომატმა საქართველოს მთავრობას ევროატლანტიკური მომავლის მიმართ ერთგულების დადასტურებისკენ მოუწოდა.
ამ თემაზე „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. ის ასევე გამოეხმაურა ელჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ძალიან ბევრი წელია გასული, რაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირს პრაქტიკულად არ ჰქონია უმაღლეს დონეზე შეხვედრა შეერთებულ შტატებში. შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, საიდანაც ყველაზე დიდ მხარდაჭერას ველოდებით. ამ დროს, როდესაც იქ არ მომხდარა ერთი შეხვედრაც კი და ბოლოს გეუბნებიან, „იცი რა, კი შეგვხვდებით, ჩამოდი ჩვენთან, ოღონდ რაღაც კონკრეტული კანონი არ მიიღო“, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია.
მაშინ, როდესაც გვახსოვს რა მაღალი დონის შეხვედრა იყო და რა სწრაფად გადაწყდა გარკვეული საკითხები, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში იყო ჩასული. ეს ეხებოდა უვიზო მიმოსვლას, პირდაპირი ფრენების გამრავალფეროვნებას და ა.შ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება უფრო ადრე გვქონდა დადებული ჩინეთთან. ველოდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომ სწორედ ასეთი ტემპით გადაწყდება ეს საკითხები, რომლებიც ძალიან სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა სუბარმა.
მან ასეთი საკითხების მაგალითად დაასახელა ორმხრივი ვიზიტების გააქტიურება დათქმების გარეშე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, პირდაპირი ფრენები ამერიკასთან და ა.შ.
დღეს გავრცელდა ელჩ დანიგანის განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვია. თუმცა, ქართულმა მხარემ ამ მოწვევაზე უარი თქვა.
მოგვიანებით საქართველოს საგარეო უწებაში განმარტეს, რომ პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს კანონპროექტის განხილვა დროებით უნდა შეეჩერებინა. „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“, – აღნიშნავენ სამინისტროში.