შალვა პაპუაშვილი: საერთო ჯამში, თავად პროცესი, გამოხმაურებები და მცდელობა, ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია

„საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და მათ შორის მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია და როგორც ჩანს, აქ ბევრი არის დასამალი დონორებისა და „ენჯეობის“ მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მე გუშინ მქონდა მათ შორის შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან და მათაც ვესაუბრე კიდევ ერთხელ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მივიღე დასტური, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, EED-ის დაფინანსებებში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, მათ შორის ევროკომისიაში, რა საკითხებს ხმარდება ესა თუ ის თანხა და რა პროექტები ფინანსდება, პოლიტიკურად რამდენად ნეიტრალურია პროექტები. ამავე დროს, იყო ჩვენი დარწმუნების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და EED შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენ ვიცით, რომ EED აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ვიცით, რომ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს ჩუმად, ამიტომ, ეს პრაქტიკა უნდა იყოს საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე.

ამიტომაც გასაკვირია, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ არის პოლიტიკური ფული, რომელიც შემოდის საქართველოში და მეორე მხრივ, ყალბი ნარატივების დამკვიდრების მცდელობა, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო რეგულაციას. ამ ორი საკითხის კომბინაცია აჩენს კითხვებს, რა განზრახვები არის იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ