გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
„გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
იგი ახალგაზრდების მიერ ბოლო დღეებში ორგანიზებულ აქციებს გამოეხმაურა.
„ახალგაზრდები, ვინც გუშინ „გმირთა მოედანზე“ მოქალაქეებს აჩერებდნენ, გზას უხსნიან რომელ პოლიტიკურ ჯგუფს? თუ თვითონ ქმნიან პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს? თუ მაინც და მაინც ეს რევოლუციური თემა რჩება დღის წესრიგში? ამ შეკითხვებიდან გამომდინარე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომელია ისეთი გადაწყვეტილება სადაც რუსეთის ფედერაციის ინტერესი იკითხება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებში?! ახალგაზრდები ინფორმაციას ტელევიზიით არ იღებენ, მაგრამ აუცილებლად, დარწმუნებული ვარ, ეს თემა იქნება მიტანილი გარკვეულ ჯგუფებთან.
ამ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა. შესაძლოა ირაკლი კობახიძეს კიდევ აქვს გარკვეული საკითხები – რეალური საუბარი, რეალური გადაწყვეტილებების მიღება არის თუ არა შესაძლებელი.
ეს ყველაფერი რაზეც ვსაუბრობ, აუცილებლად არის გასაანალიზებელი, პირველ რიგში, მშობლების მიერ. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიერ, ვინც თუნდაც მორწმუნე არის და დღევანდელი დღე მათთვის გარკვეულ ფასეულობას, ქართულ იდენტობას, თვითმყოფადობას წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლსკიმ.