მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:13 საათზე გადმოვიდა.
კუვუკლიაში შესვლამდე, იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა. შემდეგ აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა. მანამდე ასევე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.09 საათზე დაიხურა.
აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ და ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.
უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.