ესპანური გამოცემა: მადრიდის „ატლეტიკო“ გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდა

მადრიდის „ატლეტიკო“ ზაფხულში „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული – ინფორმაციას ესპანური გამოცემა „დიარიო ასი“ ავრცელებს.

„მადრიდის „ატლეტიკო“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს „ვალენსიიდან“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის შეძენითაა დაინტერესებული. „ატლეტიკო“ 23 წლის ქართველ მეკარეს სლოვენიის ნაკრების კარის დარაჯის, იან ობლაკის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროა, მაგრამ „ვალენსია“ დაახლოებით 25 მილიონ ევროს ითხოვს. გუნდს ზაფხულში ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება და ერთ-ერთი პირველი, ვინც გუნდს დატოვებს, შეიძლება მამარდაშვილი იყოს, რომელიც „ვალენსიაში“ 2021 წლიდან თამაშობს“, – წერს ესპანური გამოცემა.

ამ დროისთვის „ატლეტიკო“ 64 ქულით ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის რეალური შანსი აქვს. დიეგო სიმონეს გუნდი შვიდი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან „ჟირონას“ და ექვსი ქულით ასწრებს მეხუთე ადგილზე მყოფ „ბილბაოს“. „ვალენსია“ კი 47 ქულით ამჟამად მე-8 ადგილზეა.

ასევე იხილეთ