მიქაუტაძის გაძევებას, სავარაუდოდ, გააუქმებენ – მსაჯმა შეცდომა თავად აღიარა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცისა“ და „რენის“ (2:3) შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოედნიდან გააძევა. ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ინფორმაციით, არბიტრმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და წითელი ბარათის გაუქმება თავად მოითხოვა.

მსაჯი რუდი ბუკე მიქაუტაძისთვის მიცემული წითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს

„მეცი“ – „რენის“ მატჩის მსაჯმა, რუდი ბუკემ აღიარა თავისი შეცდომა და გასულ შაბათს საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტს წერილობით მიმართა, გააუქმონ წითელი ბარათი, რომელიც მან „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს აჩვენა.

მსაჯმა გააძევა ფეხბურთელი, რომელიც ასეთ სანქციას არ იმსახურებდა, ბუკემ გადაწყვეტილება ვიდეორეფერის ჩარევის მიუხედავადაც არ შეცვალა. თუმცა მატჩის შემდეგ მომენტი კიდევ ერთხელ ნახა, საკუთრი შეცდომა აღიარა და წითელი ბარათის გაუქმება ითხოვა. სამშაბათს, საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე, როგორც ჩანს, მის წერილს გაითვალისწინებენ და სანქციას გააუქმებენ“, – წერს „ეკიპი“.

„ეს იყო ყველაზე უსამართლო წითელი ბარათი, რაც კი გვინახავს, არბიტრის ამ გადაწყვეტილებამ ყველა გაკვირვებული დატოვა“, – ასე გამოეხმაურა პოპულარული ბრიტანული გამოცემა „სანი“ გიორგი მიქაუტაძის გაძევებას.

საკამათო გაძევების შემდეგ სოციალურ ქსელში მოსაზრებებს გულშემატკივრებიც აფიქსირებდნენ:

„მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ 96-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო. ეპიზოდის გამეორებისას ნათლად ჩანდა, რომ ქართველისა და „რენის“ ფეხბურთელის, კალიმუენდოს შეჯახების შემდეგ ეს უკანასკნელი არტისტულად დაეცა. VAR-მა მსაჯს მომენტის გადახედვა ურჩია. ეპიზოდი რამდენჯერმე აჩვენეს, მაგრამ ბუკემ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა და ფეხბურთლი გააძევა. „მეცმა“ 2:3 წააგო და, ჯერჯერობით, მე-16 ადგილზეა, რაც მას ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი ოფში თამაშის უფლებას აძლევს, თუ საფრანგეთის პროფესიულმა ლიგამ მსაჯის გადაწყვეტილება არ გააუქმა, მიქაუტაძე გადამწყვეტ ორ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი დიდ ბრიტანეთშიც გადაიცემოდა და კომენტატორმა მსაჯის გადაწყვეტილების გამო გაკვირვება ვერ დამალა: „კალიმუენდო ამისთვის ყვითელ ბარათს იმსახურებს, ის თავად დაეჯახა „მეცის“ თავდამსხმელს. იმედი ვიქონიოთ, რომ შეცდომა გამოსწორდება“.

მიქაუტაძისადმი მხარდაჭერა გულშემატკივრებმაც გამოხატეს:

„ეს არის ყველაზე უსამართლო გაძევება, რაც კი ოდესმე გვინახავს“.

„თუ არბიტრი ფიქრობს, რომ მიქაუტაძეს წითელი ბარათი სამართლიანად აჩვენა, მან აღარ უნდა იმსაჯოს“.

„როგორც „ნანტის“ გულშემატკივარი, უზომოდ კმაყოფილი ვარ მატჩის შედეგით და მით უმეტეს, მიქაუტაძის გაძევებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, „რენი“ მისი დახმარებით იგებს“ – წერდნენ ქომაგები სოციალურ ქსელში.

 

 

ასევე იხილეთ