ანრი ოხანაშვილი ბორელისთვის 31 ევროპარლამენტარის მიმართვაზე: მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ
„ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ. ამ ხალხს ყოველ ჯერზე გამოვავლენთ და ვამხელთ ტყუილებში”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა 31 ევროპარლამენტარის მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.
„ძირითადად არიან ის ჯგუფები და ის ხალხი, ვინც პირდაპირ კავშირზეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იმჩნევდა არც „იმედის“ დარბევას, არც სიტყვის და აზრის ფეხქვეშ გათელვას, არ იმჩნევდნენ ბიზნესის რეკეტს და პატიმრების წამებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ იყო სისტემური. ამ ადამიანებს თურმე პრეტენზია აქვთ დემოკრატიაზე საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ. ამ ხალხს ყოველ ჯერზე გამოვავლენთ და ვამხელთ ტყუილებში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.