ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე: მათ სჭირდებათ მუდმივად დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ
„მათ სჭირდებათ მუდმივად ერთგვარი დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის შესახებ.
„ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ინსტრუქცია, რომ რაც უფრო მეტჯერ გამოიყენებენ სიტყვა „რუსულს“, მით მეტი ჰონორარი დაერიცხებათ. ეს არის კატასტროფა, როდესაც შენს სახელმწიფოს, შენი ქვეყნის ხელისუფლებას და შენს საზოგადოებას ასეთ ცილს სწამებ. ამ ხალხმა დაიწყო საუბარი მსხვერპლზე, ამ ხალხის მიზნები ჩვენთვის ცნობილია, მათი ერთადერთი მიზანია რევოლუციურად ხელისუფლებაში მოსვლა. მათი ამოცანაა რევოლუციური სცენარის განვითარება. ეს არ გამოსდით, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობს ისე, როგორც საჭიროა ჩვენი ქვეყნის მდგრადობისთვის. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ მუდმივად ერთგვარი დეზინფორმაციული მუხტი, სიყალბე, რომ იქნებ, როგორმე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ და ამით მუხტის აწევა შეძლონ. ეს ისევ და ისევ ნიშნავს, რომ შეიძლება, ცალკეული მოქალაქეები მართლა რაღაცას აპროტესტებდნენ და გულწრფელად მიაჩნიათ რაღაც არასწორად, თუმცა, მათი ინსტრუმენტალიზება ხდება. მათ უკან დგას ხალხი, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
„რა თქმა უნდა, არა რუსულ კანონს, ეს საკითხი არ დგას ჩვენ ქვეყანაში და არც დადგება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რა თქმა უნდა, სიმართლით, ღირსებით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2030-ში ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.