მიხეილ ყაველაშვილი აქციის მონაწილეებს: პროვოკაციების უფლება არ უნდა მივცეთ არავის – შვილებო, ეს ყველაფერი გარედან არის მართული
„ახლა თქვენ [აქციის მონაწილეებს] გააზრებული რომ გქონდეთ, რას აკეთებთ, პირიქით – ხელისუფლებას დაიცავთ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან განაცხადა და ამით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.
დეპუტატის შეფასებით, უცხოეთიდან შემოსული ფინანსური ანგარიშების გამჭვირვალობა დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით ნდობას გაზრდის.
„პროვოკაციების უფლება არ მივცეთ. შვილებო, მშობლებო, ეს ყველაფერი გარედან არის მართული. სხვა რა ენაზე გელაპარაკოთ, რომ აგიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?! ახლა თქვენ გააზრებული რომ გქონდეთ, რას აკეთებთ, პირიქით – ხელისუფლებას დაიცავთ და ყველა აქტორს მოსთხოვთ, რომ იყოს გამჭვირვალე. რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ეს ურთიერთობა და დაფინანსებები, ნდობა უფრო აიწევს.
შვეიცარიაში ვცხოვრობდი და მოგეხსენებათ, ასეთი მშვიდი ქვეყანა არ არსებობს, მაგრამ რამდენიმე აქციას შევესწარი, რა დღეში აგდებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს – ესეც უნდა გაუშვან ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში, თუ როგორ არბევენ აქციებს თუნდაც გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში. აბა, ვინმემ გაბედოს და ზედმეტი უთხრას პოლიციელს?! – ეს არის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ კანონის უზენაესობაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.