დიმიტრი ხუნდაძე გლობალურ ომის პარტიაზე: ცდილობენ, რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს
„დღეს რაც თბილისის ქუჩებში ხდება, პასუხია მათგან [დიდი ქვეყნები] ამ ყველაფერზე და ცდილობენ, რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს. შესაბამისად, ქუჩაშიც პატრიოტიზმს მორჩილება სჭარბობს და „საზრდოც“ გარედან მიეწოდებათ“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.
როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ქუჩაში დადგმული სანახაობრივი პერფორმანსებიც მხოლოდ ძალადობის საფარველია და მისი ორგანიზატორების რეალური მიზანი თბილისში რევოლუციის მოწყობაა.
„სამწუხაროა, რომ დღეს მსოფლიოში ომია პრიორიტეტი და არა მშვიდობა. დიდი ქვეყნები ცდილობენ ძალადობის მორევში ჩაითრიონ პატარა ქვეყნები და საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებარონ. ასეა საქართველოსთან მიმართებითაც. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაძლიერდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელმაც უარი თქვა საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, სანქციებზე და სახიფათო დაკვეთების შესრულებაზე. დღეს რაც თბილისის ქუჩებში ხდება, პასუხია მათგან ამ ყველაფერზე და ცდილობენ რევოლუციური გზით დააბრუნონ მორჩილი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს უსიტყვოდ შეასრულებს. შესაბამისად, ქუჩაშიც პატრიოტიზმს მორჩილება სჭარბობს და „საზრდოც“ გარედან მიეწოდებათ. სანახაობრივი პერფორმანსებიც მხოლოდ ძალადობის საფარველია. ასე დაიწყო უკრაინაში „მაიდანი“ და სურთ იმავეს განვითარება საქართველოშიც. ბავშვებსა და ახალგაზრდებს ომის პირობას თავადვე აქმნევინებენ, თანაც „სამშობლოს სიყვარულით”. ამ ურთულეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო დაცვის ბერკეტებს აძლიერებს. საქართველოს კი პირიქით, აშიშვლებენ, რაც სასიცოცხლოდ სახიფათოა,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.