ეკა სეფაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მოსახლეობაზე ძალადობდნენ, ახლა ხელისუფლებაში არ არიან და მათი იარაღი ისევ ძალადობაა
„ყველა რესურსია გამოყენებული იმისათვის, რომ როგორმე, ხელისუფლება შეცვალონ იმავე ძალებით, როგორც ადრე, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ, ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და ყოველგვარი განსხვავებული აზრი იდევნებოდა – ამის დაბრუნება უნდათ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიცია საზოგადოებაზე, მათ შორის კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებზე, ზეწოლასა და ბულინგს ახორციელებს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება წინასწარ არის გაწერილი.
„დღეს საქართველოს, მისი სუვერენიტეტის და ზოგადად, არსებობის დაცვა მიდის. უცხოეთიდან და ქვეყნის შიგნიდანაც, ვინც რადიკალური ოპოზიციის უკან დგას, ყველა რესურსია გამოყენებული იმისათვის, რომ როგორმე, ხელისუფლების შეცვლა მოახდინონ იმავე ძალებით, როგორც ადრე, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ, ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ, „ტელეიმედი“ დაარბიეს და დახურეს და ყოველგვარი განსხვავებული აზრი იდევნებოდა – ამის დაბრუნება უნდათ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არ არიან, ამ მეთოდებს იყენებენ იმ საშუალებებით, რაც ახლა ხელთ აქვთ. ეს არის სოციალური მედია და ბულინგის ის კამპანია, რასაც ისინი ფართოდ იყენებენ.
ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდნენ და თქვეს, რომ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებზე გაუგონარი ზეწოლა მიმდინარეობს, რათა გამოაქვეყნონ ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები – ისეთი ტექსტით, როგორიც მათთვის მისაღები იქნებოდა. ასევე, ზეწოლა მიდის კულტურის და სპორტის სხვადასხვა მოღვაწეებზე. გვახსოვს, ლაშა ტალახაძეზე რამხელა ზეწოლა განახორციელეს, იგივე ხდება ხვიჩა კვარაცხელიაზე – მიდის მისი გაუგონარი ლანძღვა, რადგან მან ის არ თქვა, რაც მათ მოეწონებოდათ. ეს ახალგაზრდა ბიჭი ამბობს, რომ ერთიანობის მომხრეა და სადაც საქართველოა, თავადაც იქ არის.
ამის უკან რეალური ადამიანები დგანან, ისინი, ვისთვისაც ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა მისაღებია – აიძულებენ ადამიანებს მათი მხარდამჭერი განცხადებები გააკეთონ. ჯერ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ მოსახლეობაზე ძალადობდნენ, ახლა ხელისუფლებაში არ არიან და მათი იარაღი ისევ ძალადობაა. ეს ყველაფერი არის წინასწარ მომზადებული. ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებაში წინასწარ გაწერილი გეგმა არსებობს და რა თქმა უნდა, ტრენინგებიც აქვთ გავლილი, თუ როგორ გააკეთონ ეს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.