მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი – შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
„იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციაზე მიმდინარე სცენარები ერთი-ერთში ჯდება ჯინ შარპის [სახელმძღვანელოს] მუხლებში.
„ამ აქციებზე აქამდე რაც ხდებოდა, პირდაპირ, ერთ-ერთში ჯდება ჯინ შარპის [სახელმძღვანელოს] მუხლებში. რა უნდა გააკეთონ ლოცვასთან, რწმენასთან დაკავშირებით, პოლიციელთან მიმართებაში, გზების პიკეტირება და ა.შ. ეს აპრობირებული მეთოდია. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე. აკერმანის თემაც ვნახეთ, კანვასის ტრენინგები, რომელიც უშიშროების სამსახურმა გაშიფრა და აცნობა საზოგადოებას, რის შემდეგაც იძულებული იყვნენ გასცლოდნენ ამ საზოგადოებას. როგორი სამარცხვინო საქციელია, რომ 11 წლის ბავშვი გამოჰყავთ და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებინებენ და ასე წარმოაჩენენ. სად არიან უფლებადამცველები? თუმცა ჩვენ მუდმივად აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ არსებობენ გულანთებული ახალგაზრდები, ვინც დგანან აქციაზე. არაერთხელ აღვნიშნე, რომ მეც რომ ასე მჯეროდეს, მეც ვიდგებოდი აქციაზე და შეწინააღმდეგებას ვეცდებოდი“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
ყაველაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რომელი და როგორი პოლიტიკური წარსულის მქონე ორი ძალა დგას ერთმანეთის პირისპირ, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.
„სიმართლე ერთია და ამას ვერ გავექცევით. საპირწონედ დევს ის, თუ რა გააკეთა იმ ხელისუფლებამ რუსეთისთვის. როგორ ჩააბარა ტერიტორიები, უბრძოლველად. კოდორის ხელობა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. მათი მმართველობა როგორი აცდენილი იყო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანასთან. პრეზიდენტი, როგორც ფაშა ისე იქცეოდა. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომლის მონაწილეობით მოხდა დაახლოება ევროპასთან და ევროპულ სტრუქტურებთან. ფაქტებია, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობის ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი. თუ ჩვენ გვინდოდა, რომ გეზი გვეცვალა და წავსულიყავით რუსეთისკენ, ეს ფაქტები ხომ სხვა რამეს გვესაუბრება. ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტში მივიღეთ კონსტიტუცია, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. შესადარებლად ამ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ გულწრფელად არიან გამოსული. ხომ აქვთ აზრი, გონება და შეადარონ ეს ორი ძალა“,- განაცხადა ყაველაშვილმა.