მაკა ბოჭორიშვილი: წელს უფრო მეტი მზაობა არის საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ მსგავსი კანონპროექტი იყოს განხილული, გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს შეუთავსებელი ევროკავშირში ინტეგრაციის კურსთან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი “ღამის კურიერის” ეთერში ამბობს, რომ შარშანდელ წელთან შედარებით, წელს უფრო მეტი მზაობა არის საზოგადოებას გამჭვირვალობის კანონპროექტის განსახილველად.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საპროტესტო მუხტში ჩართულ ადამიანებს აჯერებენ, რომ კანონი არის რუსული.
“წელს, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი მზაობა არის საზოგადოების დიდ ნაწილში, რომ მსგავსი კანონპროექტი იყოს განხილული. რა თქმა უნდა ვხედავთ იმ საპროტესტო მუხტსაც, გვესმის იმ ადამიანების წუხილი, რომელსაც აჯერებენ, რომ კანონი არის რუსული და აი აქ არის ორი მიმართულება: ქვეყნის შიგნით, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ სადღაც შეიცვალა ქვეყანამ კურსი იმიტომ, რომ გარედან ვიღაც აკეთებს განცხადებას, რომ ეს არის შეუთავსებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსთან. და რა არის შეუთავსებელი? რუსული კანონი გავიგეთ, რუსული კანონი შეუთავსებელი იქნება, მაგრამ ქართული საჭიროებებიდან გამომდინარე გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს შეუთავსებელი ევროკავშირში ინტეგრაციის კურსთან?!
თუ ჩვენ გვესმის კანონის მიზანი კარგად და აქ ნამდვილად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, პარტნიორებთანაც უფრო მეტად დავსხდეთ და პრემიერ-მინისტრის საუბარიც იყო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, იქაც გაისმა, რომ საჭიროა ამ საკითხებზე დიალოგი, როდესაც პრობლემა დგას და ნამდვილად სულ ამაზე ვაპელირებთ, რომ როდესაც არის გარკვეული პრობლემა – ვისაუბროთ ამაზე,” – აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.