„მეცის“ სპორტული დირექტორი: მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმებამ გაგვახარა, „სტრასბურთან“ სათამაშოდ მშვიდად გავემგზავრებით
„მეცის“ სპორტული დირექტორი პიერ დრეოსი გაახარა საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რენთან“ მატჩში მოედნიდან გაძევებული გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათი გააუქმა.
„სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო, რადგან თავდაპირველი ვერდიქტი უბრალოდ გაუგებარი აღმოჩნდა.
ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად არც ისე დიდი დრო დაგვჭირდა, რადგან შეხვედრის არბიტრმა თავად წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მიუთითა, რომ შეცდომა დაუშვა. აშკარა იყო, რომ მიქაუტაძე ამ წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
ამ გადაწყვეტილებამ დამამშვიდა, რადგან ჩვენი ბომბარდირი ამ კვირას ჩვენთან ერთად იქნება და შეგვიძლია, მას დავეყრდნოთ „სტრასბურთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელშიც მოგებაც ძალიან გვჭირდება. ახლა სწორედ „სტრასბურთან“ მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი“, – განაცხადა „მეცის“ სპორტულმა დირექტორმა.