გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილს რომ რევოლუციები ელანდება, ახალი არაა, როცა გაუჭირდებათ, მაშინ გამოაგორებენ ხოლმე, რადგან არავის ახსოვს მისი ნულოვანი რეიტინგი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არჩევნების ნაცვლად რევოლუციური გზით წასვლის სურვილს ნიშნავს.
გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, სააკაშვილმა თავისი განცხადებით ასევე დაადასტურა, რომ არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია.
„სააკაშვილს რომ რევოლუციები ელანდება, ეს ახალი არაა. როცა გაუჭირდებათ, მაშინ გამოაგორებენ ხოლმე, რადგან არავის ახსოვს მისი ნულოვანი რეიტინგი. ახლა გააკეთებინეს განცხადება, მაიდანი დაასიზმრეს, რევოლუციები, ტექნიკური მთავრობა, რომელსაც არასამთავრობო სექტორი ამბობდა ორი წლის წინ. რეალურად, არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია. სააკაშვილმა თავისი განცხადებით ეს დაადასტურა. მის პატრონებს აქვთ წაქეზება, უთხრეს, შენ რომ მოგიყვანო ხელისუფლებაში, ომს ხომ დაიწყებ, მან უთხრა – რა თქმა უნდა, კი. ჩვენ გვითხრეს კიდეც, თქვენ არ ხართ ომის დამწყები მთავრობა, სააკაშვილი რომ იყოს, ის ომს დაიწყებდაო. სქემა ძალიან მარტივია, მაგრამ ამას არავინ დაუშვებს. არავითარი რესურსი არ აქვთ, მაგრამ პატიმარ სააკაშვილის განცხადება ნიშნავს, რომ რევოლუციური გზით უნდათ წავიდნენ, არჩევნები არ გვინდა, რადგან წავაგებთ, ამიტომ, მოდი, ოთხი თვით ადრე დავიწყოთ რევოლუციისთვის მზადება. მგონი, აღარავის აქვს კითხვის ნიშნები, რომ ეს ხალხი ახლა იმისთვის იბრძვის, რომ რაღაცები არიონ და რევოლუციური სცენარები განავითარონ. მათ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ ის, ვინც მეორე ფრონტზე დათანხმდება. არავის უპატიებია ხელისუფლებისთვის, რომ მეორე ფრონტს არ დათანხმდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა მთავრობამ, დასავლეთი იანუკოვიჩსაც დათანხმდა არჩევნების გადადებაზე, არ დათანხმდა აჯანყებული მაიდანი და შედეგად, იანუკოვიჩი გაიქცა“.