„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ [აქციაზე მყოფ] ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობას გამოეხმაურა.
გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყლის ჭავლის გაზის, მხუთავი აირის, წიწაკის სპრეისა თუ რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერი უფლება აქვს, თუმცა მისივე განმარტებით, სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობების 20%-იც არ გამოუყენებია აქციებზე.
„თქვენ ნახეთ კადრები, სპეციალურად შევარჩიეთ ეს კადრები და გავუშვით, ეს იყო მცირე ნაწილი, რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და მსოფლიოში, ეს სტანდარტულია, მე არ ვამბობ, რომ ეს უკანონოა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფს და პოლიციურ ძალებს აქვთ გავლილი გადამზადება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატების დანაყოფებთან ერთად აქვთ გავლილი ერთობლივი წვრთნები და ის არის გათვლილი და აღჭურვილი როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ჩვენ არ ვიგონებთ არაფერს, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ხშირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გამოვიყენოთ შესაბამისი ძალები, ანუ მთლიანი ძალები, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონის ფარგლებში. წყლის ჭავლი იქნება, გაზი იქნება, მხუთავი აირი, წიწაკის სპრეი იქნება თუ რეზინის ტყვიები, სრული უფლება გვაქვს, კანონიერი, რომ ეს გამოვიყენოთ. მინდა ვუთხრა ყველას, იმ ახალგაზრდებს, იმ ბავშვებს, რომლებიც ჩემი შვილის ტოლები არიან და უფრო პატარებიც შეიძლება, მათ შორის, მოვუწოდებ ამ ახალგაზრდების ხელმძღვანელებს და ლიდერებს, რომლებიც მათ დავალებებს აძლევენ და რატომღაც, როცა იძაბება ვითარება, სწორედ ეს ადამიანები ქრებიან, როცა დამთავრდება ყველაფერი, გამოდიან, კომენტარებს აკეთებენ ხოლმე დიდი შემართებით, მე მოვუწოდებ ამ ბავშვების მშობლებს- გამოხატონ, სიტყვის თავისუფლება ჩვენთან დაცულია, აქცია ჩაატარონ, თუმცა არ უნდა გადავიდნენ ზღვარს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს გავუფრთხილდეთ. ქართველები არ ვართ ბევრი, ცოტა ვართ ძალიან და ეს ჩვენი ახალგაზრდობაა და მაქსიმალურად ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ და არ გამოვიყენოთ ის საშუალებები, რისი გამოყენებაც შეგვიძლია კანონით. მერწმუნეთ, ბოლო წლების განმავლობაში, 20%-იც არ გამოგვიყენებია მთელი შესაძლებლობების, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს“,- განაცხადა გომელაურმა