ლევან არველაძე: ასეთი ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, ამას ჩვენ მუდამ ვგმობდით და ახლაც ვგმობთ!
„ნებისმიერი ძალადობა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, განსხვავებული აზრის თუ საქმიანობის გამო, არის მიუღებელი!“ – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლევან არველაძე აცხადებს.
„შსს-მ ყველა ძალადობრივ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება და დარწმუნებული ვარ, მალე ექნება შესაბამისი რეაგიარება.
ასეთი ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, ამას ჩვენ მუდამ ვგმობდით და ახლაც ვგმობთ! ნებისმიერი ძალადობა, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური, განსხვავებული აზრის თუ საქმიანობის გამო, არის მიუღებელი!“ – ამბობს არველაძე, რომელიც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ კალაძემ დღეს განსხვავებული აზრის მოსმენისა და მიმღებლობის პრობლემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„მე არასდროს არ ვიკადრებ და არ გავბედავ იმას, რომ ვიღაცას განსხვავებული აზრი და პოლიტიკური შეხედულება ჰქონდეს და მას დავემუქრო ოჯახით, დავემუქრო შვილებით, შეურაცხყოფა მივაყენო – არ არის ეს სწორი ფორმა და სწორი დამოკიდებულება. მაგრამ ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, ბრძოლას, სადაც წესები არ არსებობს. ყველაფერს კადრულობენ, ეს არის ფაშიზმი, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.