ნინო ცხვარაძე: დიახ, კანონიერად უნდა მოუსმინონ დესტრუქციულ ძალებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს
„გავრცელდა ფარული ჩანაწერები, თუ როგორ გსურთ ხელისუფლების დამხობა. თქვენ აქ პრობლემა ფარულად ჩანაწერის გაკეთებაში დაინახეთ მხოლოდ. დიახ, კანონიერად უნდა მოუსმინონ დესტრუქციულ ძალებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. თქვენივე ნაცნობ მეთოდებს ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება და საძინებლებში შემოგივარდებათ!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ნინო ცხვარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო.
თუმცა, დავიწყება სად გვაცალეს, ისე ცდილობენ ახალი რევოლუციური სცენარი შემოგვაპარონ, ნაცნობი რეჟისორებითა და მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟებით.
პატარძლის აქციაზე გამოჩენა და სხვა გულისამაჩუყებელი მინი სპექტაკლები უკრაინაში გვქონდა ნანახი. უფრო კრეატიულის მოფიქრება რომ არ შეგიძლიათ, ამაშიც დავრწმუნდით.
შემდგომ მოძველებული გზავნილით გვაახლეთ – გვარბევენო, ახალგაზრდებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენო და ამ ყველაფრის საპირწონედ შტატები და ევროპა მოგყავთ. თუმცა, კვლავაც ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობთ და ცდილობთ მორიგი სიცრუე მოგვახვიოთ თავს. უფრო მეტი სიცხადისთვის ხსენებულ ქვეყნებში კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მისაღებია და საქართველოში აგრესიული ჯგუფების დაშლას ძალადობას ეძახით. შეგირცხვათ სამართლიანობა!
გავრცელდა ფარული ჩანაწერები, თუ როგორ გსურთ ხელისუფლების დამხობა. თქვენ აქ პრობლემა ფარულად ჩანაწერის გაკეთებაში დაინახეთ მხოლოდ. დიახ, კანონიერად უნდა მოუსმინონ დესტრუქციულ ძალებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. თქვენივე ნაცნობ მეთოდებს ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლება და საძინებლებში შემოგივარდებათ!
ეს თავდასხმების ინსცენირებაც ძველია. თუ ვინმეს არ აწყობს დღეს რომელიმე ოპოზიციონერს ან მისი ოჯახის წევრს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს, ეს ხელისუფლებაა. ცივ ნიავს არ გაკარებენ, სასათბურე პირობებში ხართ და სხვა რომ ვერაფერი, ახლა ერთმანეთის ცემა-ტყეპაზე გადახვედით! არა უშავს, ისეც არ გაიმეტებთ თქვენიანს, მალე არ მოუშუშდეს „იარები“.
დაკავებებმაც შეგაშფოთათ და აღგაშფოთათ, მაგრამ, აქ არ გყავთ პრეზიდენტი ზურაბიშვილი? შეწყალების თხოვნაც არ დაგჭირდებათ ისე შობს ახალ „გმირებს“.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ფიცის მწამს და ბოლო მაკვირვებს. რატომ ხარჯავთ ან ფინანსურ ან ადამიანურ რესურსს. მივიდეთ არჩევნებამდე, ცივილური, კანონიერი გზით შეცვალეთ ხელისუფლება და მერე ეს „რუსული“ კანონი გინდ შეცვალეთ და გინდ გააუქმეთ!
საღად მოაზროვნე ადამიანები ყველაფერს ხვდებიან და ხვდებით თქვენც, რომ ვისაც თქვენს შეთხზულ უნიჭო ზღაპრებს უკითხავთ, იმათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ასაკი არ უწყობთ ხელს. დანარჩენები ძილის წინ არც თქვენ გისმენთ და არჩევნებზეც საკუთარ არჩევანს აკეთებენ. ისე, უკვე მერამდენედ დამარცხდით? აი, შემოდგომაზე მარცხისთვის რომ ხართ განწირულები, იმიტომაც იბრძვით ბინძური მეთოდებით, მაგრამ, ყველამ გამოაჩინეთ სახე და ქართველი ხალხი ბრმა ნუ გგონიათ.
დაბოლოს, არ შემიძლია ედუარდ შევარდნაძე არ გავიხსენო, კი, გადატრიალდით საწოლში, არავინ გიშლით!
ამ ქვეყანას კი საჯიჯგნად, უცხო გავლენების გასატარებლად ვერ ჩაგიგდებთ ხელში!
საქართველო ქართველებისაა!“ – განაცხადა ნინო ცხვარაძემ.