თამარ ჩიბურდანიძე: ხელისუფლებამ უკვე აჩვენა პრინციპულობა და არც დასავლეთის მწვავე განცხადებებზე აკანკალებია ფეხები – საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება
„დღეს დასავლეთი ხისტია განცხადებებში და ოპოზიციას სჯერა, რომ ხვალაც ასე იქნება. ახალ გეოპოლიტიკაში ჯერჯერობით ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა მიდის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. იგივე პოლიტიკაა საქართველოშიც,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
მისივე თქმით, საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება და ოპოზიცია ცდება, როდესაც დასავლეთის განცხადებების სჯერა.
„დღეს დასავლეთი ხისტია განცხადებებში და ოპოზიციას სჯერა, რომ ხვალაც ასე იქნება. ახალ გეოპოლიტიკაში ჯერჯერობით ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა მიდის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. იგივე პოლიტიკაა საქართველოშიც. ხელისუფლებამ უკვე აჩვენა პრინციპულობა და არც დასავლეთის მწვავე განცხადებებზე აკანკალებია ფეხები. საქართველოში „მაიდანი“ არ იქნება. ოპოზიცია ცდება, როდესაც დასავლეთის დღევანდელი განცხადებების სჯერა. დასავლეთის პოზიცია ხვალ აუცილებლად შეიცვლება და როგორც ყოველთვის, ხელმოცარულნი დარჩებიან.
სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში სერიოზული გზავნილი იყო ამერიკისთვის. ყველასათვის ნათელია, რომ ევროპული პოლიტიკა იცვლება. პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება ამერიკაშიც შემოდგომის არჩევნებით. ამიტომ, ქართული ოპოზიცია მოსწრებაზეა, თუ ვერ მოასწრეს სახელმწიფო გადატრიალება შემოდგომამდე, სამუდამოდ ემშვიდობებიან პოლიტიკას. ამიტომ, ისინი ბოლომდე გამოიყენებენ საკუთარ რესურსს ამ დღეებში, რადგან უკან დასახევი გზა არა აქვთ.
ვერ ხვდებიან იმას, რომ ეს პროცესი ხელისუფლებამ დაიწყო „გამჭვირვალობის კანონის“ ხელახლა შემოტანით და ამ პროცესსაც ის მართავს. ალბათ ხვდებიან იმასაც, რომ ეს კარგად მოფიქრებული პოლიტიკური სვლაა და ძალიან ძნელია, ამ სვლაში მატი ჩაუსვა „ოცნებას“. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ამ დღეებში ჩვენ ვიხილავთ რუსთაველზე ოპოზიციის სრულ რესურსს, მაგრამ ამჯერადაც ამაოდ. დღეს იმდენად გაიზარდა საზოგადოებაში ცნობიერება, რომ ძალიან ძნელია მისი მოტყუება, გარდა გულანთებული ახალგაზრდებისა. მჯერა, რომ ისინიც მალე მიხვდებიან ოპოზიციის მუხანათობას“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.