ირაკლი რუხაძე: საქართველოს ასეთი წინსვლა ევროპისკენ არასდროს ჰქონია
„ყველაზე გრძელი მშვიდობიანი ყოფა საქართველოს ჰქონდა „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ. ამასობაში მოვახერხეთ ეკონომიკის წარმოუდგენლად გაზრდა, პანდემიის დროს მთელ მსოფლიოს მაღალი ინფლაცია რომ ჰქონდა ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში მოვახერხეთ და 2,5%-ზე ჩამოვიყვანეთ”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.
„რაც მთავარია ეს ეკონომიკური ზრდა არის ყოვლისმომცველი, ეს ფული ნაწილდება უამრავ რამეზე, ნაწილდება ხელფასებზე. ჩემს ბევრ კომპანიაში მარტო ხელფასების ზრდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არის 25% და ეს მარტო ჩემს გარშემო არ ხდება.
ჩვენ გადავასწარით აზერბაიჯანს ერთ სულ მოსახლეზე საერთო ქონების შემოსავლით. აზერბაიჯანს, რომელსაც წარმოუდგენელი ბუნებრივი რესურსები აქვს. ეს არის ყველაფერი დამსახურება იმისი, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ვიმუშაოთ და ვაკეთოთ რაც გვინდა, ჩვენს საქმეში არავინ ერევა, ბიზნესს არავინ გვართმევს.
სულ გვესმის სასამართლო, სასამართლო… მე არ ვიტყვი, რომ საქართველოს ისეთი სასამართლო აქვს, როგორიც მე მინდა რომ მქონდეს. საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს სასამართლოსკენ, მაგრამ როცა შენ უყურებ კვლევებს, ხალხს რა აწუხებს და იქ სასამართლო პირველ 10 საკითხში არ ხვდება, ეს მინიმუმ გეუბნება, რომ ხალხს და ბიზნესს ეს არ აწუხებს. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ჩვენს სასამართლოს დახვეწა სჭირდება და ეს ჩვენ არ გვაწევს. ეს არ არის სააკაშვილის დროინდელი სასამართლო. ინგლისს 8 საუკუნოვანი სასამართლოს უწყვეტი პრაქტიკა აქვს, შენ რომ ინგლისთან მიხვიდე რა თქმა უნდა 8 საუკუნე არ უნდა იარო, მაგრამ სამ დღეშიც ვერ მიხვალ“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის თქმით, საქართველოს ევროპისკენ ასეთი წინსვლა, როგორიც ახლა აქვს, არასდროს ჰქონია.
„წარმოუდგენელი წინსვლა გვაქვს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით. გავხდით ევროკავშირის ასოცირებული წევრი, გავაფორმეთ უტარიფო ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის, ამას დაემატა უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი.
ახლა, მთელი რიტორიკა არის, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპას და მივდივართ რუსეთისკენ. ამასობაში, არასდროს ჰქონია საქართველოს ასეთი წინსვლა ევროპისკენ.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რუსეთს რამდენიმე სასამართლო მოუგო ამ მთავრობის პირობებში. ჩემი გადმოსახედიდან, ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთისკენ, პირიქით, სასამართლოებში ვეკამათებით და მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.