ირაკლი რუხაძე: 2022 წელს ნახევარ ევროკავშირზე წინ ვიყავით კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით და ამ დროს ეკა გიგაური გამოვიდა და პრემიერის გადადგომა მოითხოვა
„ეკა გიგაური გამოვიდა „მთავარ არხზე“ და თქვა, მე ფული მაქვს, რომ გირაო გადავიხადო, თუ დაგიჭერენ დემონსტრაციებზეო. ორმა მთავარმა დონორმა არ იცოდა, ეს ფული ვინ მისცა „გამჭვირვალობა საქართველოს“, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
ის ასევე იხსენებს, რომ როდესაც ეკა გიგაურის განცხადების შესახებ დონორი ქვეყნების ელჩებს უთხრა, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ამ მიზნით დაფინანსების შესახებ.
„ცოტა ხნის წინ გამოვიდა „მთავარ არხზე“ და თქვა, მე ფული მაქვს, რომ გირაო გადავიხადო, თუ დაგიჭერენ დემონსტრაციებზეო. ეს ვუთხარი ორ ელჩს, რომლებმაც თქვეს, რომ აფინანსებენ ამ ორგანიზაციას, იცით ამას რომ ამბობს-მეთქი? არა, სად ნახეო? ვუთხარი, რომ გავუგზავნიდი ვიდეოს, სადაც ამას ამბობს. ორივემ თქვა, ასეთი ფული არ მიგვიციაო. ეს კანონი ზუსტად მაგას ემსახურება, რომ გავიგოთ, ფული ვინ მისცა იმისთვის, რომ „დაივიწყე კორუფციის გაზომვა და ვინც ცუდად მოიქცა დემონსტრაციაზე, იმას იურისტი აუყვანე და გამოიყვანე გირაოთი“. ევროპის წამყვანი, ერთ-ერთი უზარმაზარი ქვეყნის ელჩმა თქვა, რომ მის ქვეყანაში „ენჯეოს“ არ აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება, თუ არ შედის მის კომპეტენციაში. მითხრა კიდეც, სად შეიძლება წაკითხვა, 17-გვერდიანი კანონიაო. ჩვენ ამას არც კი ვიღებთ. თუ ხარ არასამთავრობო ორგანიზაციაში, არ უნდა გქონდეს უფლება, მიიღო პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, თანაც თურმე, გაურკვეველი ფულით – ორმა მთავარმა დონორმა არ იცოდა, ეს ფული ვინ მისცა „გამჭვირვალობა საქართველოს“, რომელსაც შეუძლია, გირაოთი გამოიყვანოს ხალხი. ამას ემსახურება ეს კანონი, თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ეს კანონი ბევრად კარგად უნდა იყოს გაწერილი, რომ ეს გამოვიდეს და დავინახოთ, ვინ რას აკეთებს აქ“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ 2022 წელს ეკა გიგაური ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოში რომ ჩამოვიდა, დარეგისტრირდა და მისცეს სტატუსი, გაათავისუფლეს გადასახადებისგან, მისცეს რაღაცების კეთების უფლება. ამ ორგანიზაციას პირველივე პარაგრაფში უწერია, „აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ კორუფცია გავზომო“. ანუ ამიტომ არსებობს ეს ორგანიზაცია. მეორე პარაგრაფში უწერია, „ამას ისე გავაკეთებ, რომ არ ჩავერევი პოლიტიკაში, არ ვიქნები პოლიტიკურად ანგაჟირებული და გავზომავ კორუფციას“. ქალბატონი გიგაური არის „ნაციონალური მოძრაობის“ წაგრძელება, ის მერაბიშვილის და ბათუ ქუთელიას მოადგილე იყო. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც ახლა მართავენ დასავლურ ორგანიზაციებს. ქალბატონი გიგაური გამოვიდა და 2022 წელს მიტინგზე ითხოვდა პრემიერ-მინისტრის გადადგომა, რაც არის პირდაპირი დარღვევა. „ქართული ოცნება“ რომ ოდნავ ისე იყოს განმსჭვალული, რომ გიგაურის ორგანიზაცია არ არსებობდეს, ესეც საკმარისია, რომ დახურო, რადგან დაარღვია პირობა, რომლითაც დარეგისტრირდა“, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა.
მისივე თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები არ ნიშნავს მათი დონორი სახელმწიფოების ქმედებას.
„რასაც აქ აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, არ ნიშნავს, რომ ამერიკა და გერმანია აკეთებს ამას. ჩემთვის საყვარელი მაგალითია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი „ენჯეოა“. იმ წელს და წელსაც ჩვენ ვიყავით 41-ე ადგილზე კორუფციის მიხედვით, ნახევარ ევროკავშირზე და NATO-ს ქვეყნების ნახევარზე წინ. უკრაინა იყო 119-ე ადგილზე და მოლდოვა 92-ზე. იმის მაგივრად, რომ ეს ქალი გამოსულიყო და ეთქვა, რომ რისთვისაც არსებობს საქართველოში, ანუ რომ გაზომოს კორუფცია, იქ მაგრად იქცევით, ყოჩაღ, ხალხოო, ამის ნაცვლად გამოვიდა და მოითხოვა პრემიერის გადადგომა. ის უკრაინისკენ გვანიშნებდა, იქ რა კარგია და მოლდოვა რა კარგია და ჩვენ ვართ ცუდები. სხვათა შორის, ამერიკის წინა ელჩსაც ვუთხარი, თქვენ აფინანსებთ და თქვენც გირღვევთ იმ ჩარტერს“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
მან ასევე მიმოიხილა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის გამო გააკრიტიკეს, მათ შორის ბრაზილიიდან და ხორვატიიდან გააძევეს, ხოლო აშშ-ში 4 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაცია დაკეტილი იყო.
„და ჩემგან კითხვის დასმის უფლება რატომ ნიშნავს რუსეთში წასვლას? როგორც კი კითხვას ვსვამ, ამ ქალს ვინ მისცა გირაოს გადახდის ფული, ნიშნავს თურმე, რომ შენ ებრძვი ევროპას, გერმანიას, ამერიკას და მიდიხარ პუტინისკენ. როგორ?!“, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა.