ირაკლი რუხაძე: კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი რომ იყო, მოვიდა და „ბორჯომი“ მოგვეციო, უარი რომ ვუთხარი, მეორე დილას მანქანა ამიფეთქდა
„კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი რომ იყო, მოვიდა და „ბორჯომი“ მოგვეცი, ვიღაცას გადაუფორმეო. კეზერაშვილამდე მოვიდა ეკა შარაშიძე და მითხრა, „ბორჯომი“ გადაუფორმე ვიღაცასო. უარი რომ ვუთხარი, მეორე დილას მანქანა ამიფეთქდა. მანქანას რომ გიფეთქებენ და არ გკლავენ, ზუსტად უნდა იცოდე, ვინ აგიფეთქა. მეტი არაფერი მომხდარა – წინა დღეს უარი ვუთხარი „ბორჯომის“ და „იმედის“ გადაცემაზე”, – გაიხსენა ტელეკომპანია „იმედის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“
მან ასევე გაიხსენა მამუკა ხაზარაძის ნათქვამი, რომ ის ხელს არ ართმევს „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც დანაშაულებრივ საქმეებთან ჰქონდათ შეხება.
„მამუკა ხაზარაძე უამრავ ხალხს ართმევს ხელს, ვისაც პირდაპირი შეხება ჰქონდა, იმიტომ, რომ არ არსებობდა იქ გაყოფა. ერთ მაგალითს მოვიყვან – როცა მე მიჭერდნენ მერაბიშვილი და გვარამია, გვარამია იყო ჩემ საქმეზე პროკურორი იყო და დარბოდა ამერიკის საელჩოში, სამი სხვადასხვა საქმე მიიტანა, უნდა დავიჭიროთო. მაშინ გიორგი ვაშაძე იყო რეესტრის უფროსი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, მამუკა ხაზარაძე ხელს ართმევს, როგორც არაპირსისხლიანს. რას აკეთებდა გიორგი ვაშაძე – მასთან რომ მივდიოდი ან ჩემი იურისტი მივიდოდა ამონაწერის ასაღებად, გვეუბნებოდნენ, რომ კომპიუტერია გაფუჭებული. ეს გრძელდებოდა თვეობით და ბოლოს ვიღაც ქალი გამოვიდა და გვითხრა, რამდენჯერაც არ უნდა მოხვიდეთ, კომპიუტერი გაფუჭებული იქნებაო. ამის გამო მოგვიწია „დინამო თბილისის“ ერთ დოლარად გადაცემა და უამრავი აქტივის დახურვა, დავკარგეთ მაუდის ინვესტორები. კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრი რომ იყო, მოვიდა და „ბორჯომი“ მოგვეცი, ვიღაცას გადაუფორმეო. კეზერაშვილამდე მოვიდა ეკა შარაშიძე. უარი რომ ვუთხარი, მეორე დილას მანქანა ამიფეთქდა. მანქანას რომ გიფეთქებენ და არ გკლავენ, ზუსტად უნდა იცოდე, ვინ აგიფეთქა. მეტი არაფერი მომხდარა – წინა დღეს უარი ვუთხარი „ბორჯომის“ და „იმედის“ გადაცემაზე. ამიტომ ეს ხალხი ყველა იყო იმ დამსჯელი რაზმის ნაწილი“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე საშინელი ნაწილი იყვნენ ის ქალები, რომლებიც ქნიდნენ ფასადს, რომლის უკანაც დანაშაულები იმალებოდა.
„თუ გახსოვთ, ჰილარი კლინტონი რომ ჩამოვიდა, მიშა გოგონებთან ერთად დახვდა, რომ ეჩვენებინა, მე სხვანაირი ვარო. ჩვენ გვყავდა ციხის უფროსი ქალი. როცა 2012 წელს ეს ციხე დაათვალიერა საიმონ შუსტერმა (ბრიტანული Time-ის ჟურნალისტი), მან დაწერა სტატია – „ციხე, რომელიც დაუჯდა პრეზიდენტობად სააკაშვილს“. ის იმასაც წერს, ამ ციხეში ადრეც ვიყავი და მომატყუესო. და როგორ მოატყუეს? კალმახელიძე დაახვედრეს ქუსლებზე, რომელმაც რაღაც „პოტიომკინის სოფელი“ ანახა, მაშინ, როცა ვიღაცებს აუპატიურებდნენ და ვიღაცებს კლავდნენ ცემით. იგივეს აკეთებდა სამადაშვილი, ის ქალბატონები, რომლებიც უქმნიდნენ იმ ფასადს, რომლის უკან შესაძლებელი იყო ადამიანის მოკვლა, წამება და გაუპატიურება. მკვლელს, მწამებელს იპოვი ყოველთვის. ასეთი ქალბატონების პოვნაა ძნელი, რომელსაც ვითომ განათლება აქვს, ვითომ რაღაც ესმის, ვითომ ზოგადსაკაცობრიო მორალთან შეხება ჰქონია და მერე ამ თავისი კარგი ინგლისურით, თავისი გამომეტყველებით ამ ფასადს აგებს, იცის, უკან რა ხდება და ხმას არ იღებს და დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ. ამიტომ მივმართავ მამუკას და იმ ხალხს, ვინც არ იყავით „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს ხალხი იყო აბსოლუტური ნაწილი იმ ერთი მანქანის და ახლა ვითომ სხვადასხვა პარტია რომ მოდის, ეს ჩემთვის ერთი და იგივეა“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.