„როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გულწრფელი ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილში აცხადებს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა.
„მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში“, – აცხადებს პრემიერი.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული.