შალვა პაპუაშვილი: მედიას მოგიწოდებთ, რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან მათ შორის ძალადობრივი აქტივობების ორგანიზატორები – „ჯიუტი“, „დაფიონი“, ჰკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი?
„მედიას მოგიწოდებთ, რომ იმ ჯგუფებს, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები, მათ შორის ძალადობრივი აქტივობების – „ჯიუტი“, „დაფიონი“ და სხვა ჯგუფები, ჰკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი? სინამდვილეში ესენი არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს, დისტანცირებულები არიან პარტიებიდან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერის ახალგაზრდებისადმი წერილზე ისაუბრა. მისივე თქმით, პრემიერის წერილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებმა საკითხებს მხოლოდ ემოციებით არ უნდა შეხედონ, არამედ მნიშვნელოვანია შინაარსი.
„ჩვენ რასაც ვაკვირდებით ბოლო კვირების განმავლობაში, არის დაბლოკილი მსჯელობა და დისკუსია, არის ტრაფარეტებით გადაფარვა საკითხის, რომელშიც სამწუხაროდ, უცხოელი აქტორებიც არიან ჩართული იმ მხრივ, რომ ნაცვლად იმისა, რომ იყოს საღი დისკუსია, საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირაა, არის ჯიუტი მცდელობა, რომ არ შევიდეს ვინმე დისკუსიაში და ამა თუ იმ ინიციატივას კლიშეები მიეკეროს. საბედნიეროდ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და საკითხებში ძალიან კარგად ერკვევა.
მეორე განზომილებაა, ხდება ასე წარმოჩენა, რომ თითქოს, არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებულად, შინაარსობრივად თუ ემოციურად ეკიდება ამ საკითხს, სინამდვილეში ჩვენ თუ დავაკვირდებით პროტესტის გარკვეულ სტრუქტურას, რომელიც არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვნახავთ, აქტივისტების რამდენიმე ჯგუფს და ესეც ცალკე გამოგონებული ტერმინია აქტივისტები, რათა დააბნიონ საზოგადოება, თითქოს ამ აქტივისტების ჯგუფს არ აქვს პარტიული კუთვნილება. ამიტომ, მედიას მოგიწოდებთ, რომ ამ ჯგუფებს, რომლებიც არიან ლიდერები და ორგანიზატორები, მათ შორის ძალადობრივი აქტივობების – „ჯიუტი“, „დაფიონი“ და სხვა ჯგუფები, ჰკითხოთ, რა არის მათი პოლიტიკური არჩევანი? რადგან სინამდვილეში ესენი არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს, დისტანცირებულები არიან პარტიებიდან, მაგრამ აქვთ პირდაპირი პარტიული დავალებები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ღია წერილს აქვეყნებს და გულწრფელ ახალგაზრდებს მიმართავს.