შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მოანწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა
„როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პარლამენტის თავმჯდომარემ საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მოქმედებები შეაფასა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სანიმუშოდ იქცეოდა, მათ შორის აქციის მონაწილეთა, ჟურნალისტების დაცვის მხრივ – საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა კიდეც, რომ როდესაც პარლამენტზე იყო ძალადობრივი თავდასხმა აქციის მონაწილეთა მხრიდან, უკვე იყო მომენტი დამდგარი, როდესაც პოლიციას შეეძლო, გამოეყენებინა რეზინის ტყვიები და არ გამოიყენა, იმიტომ რომ უფრთხილდება ყოველ ჯერზე მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ. ვიცით, თუ რა ძალები დგას ამის უკან საერთო ჯამში, რომლებიც იყენებენ მარიონეტად აქციის მონაწილეებს და მიჰყავთ ძალადობისკენ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ინფორმაციაზე, რომ ტელეკომპანიის შენობასთან გუშინ ღამით ადგილი ჰქონდა ჩასაფრების ფაქტს, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს.
„მე ვერაფერს ვერ ვეტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მე ვარ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლება და არ არის დამოკიდებული მითითებებზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.