შალვა პაპუაშვილი: არ მგონია, რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს, რა არის კანონიერი და რა – უკანონო
„ვნახე ერთ-ერთი საელჩოს განცხადება, სადაც ამოვიკითხე – უკანონო დაკავებები, ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. ამ საელჩოს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდეს თავის განცხადებაზე, გადაამოწმოს და ჩაასწოროს, რას ეძახიან უკანონო დაკავებას”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებას.
„გავიგეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და მოწოდებები, მაგრამ არ მგონია რომ რომელიმე საელჩომ საქართველოში უნდა შეითავსოს სასამართლოს ფუნქცია და საქართველოს პოლიციას მიუთითოს რა არის კანონიერი და რა არის უკანონო. ასეთი შეცდომები ამ საელჩოებს არაერთხელ დაუშვიათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება.