თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები კონკრეტული ძალების მიერ დაგეგმილი სცენარის გამოძახილია.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” გაკეთებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ნუ ენდობიან ნურავის, გადაამოწმონ ფაქტები და თავად გააკეთონ ანალიზი.
„ნუ დამიჯერებთ მე, ნურც სხვას, დაუჯერეთ მხოლოდ ფაქტებს. ნახეთ, როგორც იმეორებს თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციების სცენარი უკრაინული მეიდნის სცენარს (მექორწილე წყვილი, ფორტეპიანოზე დაკვრა, ტუჩსაცხიანი გოგონა, ყვავილები სპეცრაზმს და სხვ). ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რა წერია აკერმანის წიგნში, რომელიც სამოქმედო გეგმად გამოიყენება დღეს თბილისის ქუჩებში.
რაც შეეხება აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, მინდა, იცოდეთ, რომ მათი დიდი ნაწილი წარმოადგენს ძალადობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს: „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი”, რომლებიც კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი ფულით ფინანსდებიან. ასევეა ხაზარაძის დაფინანსებული ორგანიზაცია “ჯენზი”. სწორედ ამ ორგანიზაციების აქტივისტი ახალგაზრდები წარმოადგენენ აქციების ძირითად ბირთვს. აღარაფერს ვიტყვი იმ რევანშისტ მოძალადე პოლიტიკოსებზე, რომლებიც წლებია ოცნებობენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რათა ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში,“- აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომელიმე უცხო ძალამ მართოს საქართველო და დააყენოს ქვეყანა საფრთხის წინაშე.
„მეგობრებო, დღეს საჭიროა შევიარაღდეთ მხოლოდ სიმართლით, ზუსტი ინფორმაციით, მოვიძიოთ ფაქტები და გავაანალიზოთ მიმდინარე პროცესები, რადგან ეს ყველა ჩვენგანის ვალია ამ ქვეყნის წინაშე.
როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ჩემი მხრივ გაძლევთ პირობას, სწორედ თქვენ, საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტთ ქვეყნის ბედს, მის მომავალს და არა ის ბნელი ძალები, რომლებიც ქვეყანაში არეულობის დათესვას და ამ ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ. არავის მიეცემა შესაძლებლობ, რომელიმე უცხო ქვეყნის ძალამ მართოს ჩვენი ქვეყანა და იგივე პროცესები განვითარდეს, რაც, სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება.
კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, კიდევ უფრო დამოუკიდებლები, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ღირსებით. ჩვენი ძლიერი სახელმწიფოებრიობით, ჩვენი იდენტობით გავხდებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“ – განაცხადა კახა კალაძემ.