კახა კალაძე: როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? პასუხი მარტივია, ქვეყანა არ მივიდეს არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს უცხოურმა ძალებმა
„უპასუხოდ რჩება კითხვები, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? რატომ არის კანონი რუსული? პასუხი მარტივია, ქვეყანა არ მივიდეს არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს უცხოურმა ძალებმა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
კალაძის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, შეამციროს უცხო ქვეყნების გავლენები.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ისევე როგორც თავის დროზე ამერიკამ, როგორც ახლა ცდილობს კანადა, ისევე როგორც ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე შეძლო კანონის ამოქმედება, საქართველომაც უნდა შეამციროს უცხოური გავლენები, იქნება ეს, პირველ რიგში, რუსეთის თუ სხვა ნებისმიერი ქვეყნის გავლენა. ამისთვის კი საჭიროა კანონის ამოქმედება. ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი ოპონენტებისგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ: რატომ არის გამჭვირვალობის შესახებ კანონი რუსული? რატომ არა აქვს უფლება საქართველოს, აამოქმედოს კანონი, რომელიც მოქმედია ამერიკის და ევროპის რიგ ქვეყნებში? როგორ შეიძლება, გამჭვირვალობის მოთხოვნა იქცეს ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებლად? ეს კითხვები უპასუხოდ რჩება, არადა პასუხი ძალიან მარტივია – არ მივიდეს ქვეყანა არჩევნებამდე და ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს არა მოსახლეობამ, არამედ კონკრეტულმა უცხოურმა ძალებმა. ამიტომ ჩვენ, საზოგადოებამ ეს კითხვები უპასუხოდ არ უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.