გიორგი მამაცაშვილი: ჟურნალისტიკა სიძულვილს არ ნიშნავს, „იმანო“!
რომ არ ვთქვა, არ შემიძლია.
ახლა არც „გამჭვირვალობის კანონზე“ ვწერ და არც ოპოზიციის მიერ სასაცილოდ გაჟღერებულ „ასიათასკაციან“ აქციებზე.
ახლა, როგორც ამბობენ, არც სააკაშვილის მიერ აფეთქებული გივია თარგამაძის მანქანაზე ვწერ და არც დეგრადირებულ და უზნეო კოტე ყუბანეიშვილზე.
არც სისხლის სამართლის დამნაშავე უგულავაზე და არც მორალურად გახრწნილ გირჩ ჯაფარიძეზე.
მედია-ზონდერებზე ვწერ ახლა, ცხვრის ტყავში რომ არიან გახვეულები და თავადვე რომ აღიარეს – ჩვენგან ყველაფერს უნდა მოელოდეთო.
🔹
ფაქტია: რაც დღეს პრემიერ კობახიძესთან შეხვედრისას იკადრა ზოგიერთმა მედიაწარმომადგენელმა, სირცხვილია!
დეტალებს აღარ შევყვები.
მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ შეიძლება, ჟურნალისტმა დაკარგოს სახე.
მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ შეიძლება, საკუთარ კოლეგას უსირცხვილოდ ჩახედო თვალებში, შუბლის ძარღვი არ აგიტოკდეს და „რუსი“ ეძახო!
🔹
ძნელია. ჩემთვის ორმაგად ძნელია ამის თქმა, რადგან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარის სტატუსი მეტ სიფრთხილესაც მავალდებულებს მსგავს შემთხვევებში და გაცილებით მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ ამგვარი შეფასებისას, მაგრამ…
მაგრამ, სათქმელი უნდა ითქვას!
ჟურნალისტიკა უზრდელობისა და სიბინძურის უფლებას არავის აძლევს!
ჟურნალისტიკა ისტერიკისა და „სალდათური“ სიხისტის უფლებას არავის აძლევს!
ჟურნალისტიკა არ არის თავხედობა!
პროკურორის ფუნქციის შეთავსებას ტყუილად ცდილობდა ერთ-ერთი მათგანი.
უფრო კი – შაშურკინის ჯალათს მოგაგონებდათ, თუ კარგად დაუკვირდებოდით მის თავხედობასა და საუბრის ტონს.
„მაუზერი“ რომ ჰქონოდა თან, ერთი წამით აღარ მეპარება ეჭვი – სისხლის გუბეებსაც დააყენებდა!
არ ვაჭარბებ!
მათ კი ნამდვილად გადააჭარბეს!
გადააჭარბეს უზნეობაში, უტიფრობაში, უზრდელობაში.
არადა, მათი ასაკი არ მაძლევს იმის უფლებას, ვიფიქრო, ლომაიას ან შაშკინის განათლების მინისტრობისას მიიღეს საუნივერსიტეტო განათლება-მეთქი.
ალბათ, ბუნებითაც უნდა დაგყვეს ადამიანების სიყვარული, თორემ მარტო ლექციებზე ჯდომა რას მოგცემს?!
🔹
მართლა გულწრფელად ვწუხვარ.
უფრო იმას ვწუხვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი სტუდენტებთანაც კითხულობს ლექციებს.
მისი სტუდენტები, ვეჭვობ, ნამდვილ ჟურნალისტებად ჩამოყალიბდნენ.
ჯალათებად და დამნაშავე მერაბიშვილის, თაღლითი კეზერაშვილისა და სულაძაღლებული აკერმანის იდეურ მემკვიდრეებად კი – თავისუფლად.
ჩემო იმანო, თუ შეგიქეს საქციელი შენმა სტუდენტებმა, არ დაუჯერო.
ურთიერთობის და ნიშნების გაფუჭების შიში რას არ გაგაკეთებინებს?!
უბრალოდ, არ დაუჯერო.
არ დაუჯერო, რადგან, არ შეიძლება, ყველა სტუდენტს მოსწონებოდა თქვენი სადიზმი.
არ შეიძლება, ყველა სტუდენტი ასეთივე სიძულვილით ცდილობდეს თავის დამკვიდრებას პროფესიაში…
ჟურნალისტიკა სიძულვილს არ ნიშნავს, ჩემო იმანო.
ჟურნალისტიკა ობიექტურობას, საღ აზროვნებას, მშვიდ მსჯელობასა და ანალიზს, სამშობლოს მოფრთხილებას, სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ადამიანების სიყვარულს ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა.
🔹
ძვირფასო მკითხველო!
ვწუხვარ და ალბათ, თქვენც დამეთანხმებით – საუბედუროდ, მათი შეცვლა შეუძლებელია.
უფრო სამწუხაროდ კი, – ისინი საკუთარი ნება-სურვილით გაემიჯნენ საკუთარ პროფესიას და მედია-ჯალათებად უფრო იქცნენ, ვიდრე „კრიტიკული“ ტელევიზიის წარმომადგენლებად.
საკუთარ კოლეგებზე დაბოღმილ და გაბოროტებულ ადამიანებად იქცნენ და ესაა სამწუხარო სიმართლე!
ალისტრახო და მისნაირი „ტრახოები“ სხვას კი არაფერს აკეთებდნენ?!
„იმანოების“ შემხედვარე, ალბათ, „ტანკა პულემიოტჩიცა“, იგივე ანტონინა გინზბურგი(მაკაროვა) საფლავში ტრიალებს…
ეს ის არის, გერმანელებმა ტყვედ რომ ჩაიგდეს და გარკვეული დროის შემდეგ, მათივე სწორუპოვარ ჯალათად რომ იქცა.
მხოლოდ პირველად რომ გაუჭირდა კაცის მოკვლა და გერმანელებმა პირველი დახვრეტის დროს, სითამამისთვის, არაყი რომ დაალევინეს.
და რომელსაც მერე სასმელი აღარ დასჭირვებია.
მართალია, არც მისი ცხოვრების ფინალი მოხიბლავთ „იმანოებს“ და პირდაპირი გაგებით არც ტყვიამფრქვევი სჭერია რომელიმე მათგანს პრემიერთან შეხვედრისას, მაგრამ სიტყვითა და ტყვიით ჩადენილი სადიზმი რითი განსხვავდება?!
🔹
ერთიცაა: ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით – მე თამამად შემიძლია ამ სიტყვების თქმა, რადგან „ნაციონალთა“ ლიდერებიც და მათთან მიტმასნილი პოლიტიკოსებიც კი ვერ დაასახელებენ ვერც ერთ(!) მაგალითს, როდესაც მე, მათთან იდეურად და პროფესიულად დაპირისპირებულ ჟურნალისტსაც (ხშირად – ოპონენტად ქცეულსაც) კი, ჩემი თავისთვის ამდენის უფლება მიმეცა!
🔹
ირაკლი კობახიძის სიმშვიდე და ღირსეული პასუხები კი ნამდვილად მისასალმებელია.
კარგი გაძლება ჰქონია ნამდვილად და ღმერთმა ხელი მოუმართოს საქვეყნო საქმეშიც და ასეთ სვავებთან და აფთრებთან ოპონირებაშიც!
P.S.
ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებისადმი მიწერილ წერილში ილიას მკვლელი, 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილიც ახსენა.
არადა, რაღა შორს მივდიოდით…
ოდნავ მობერებული „ბერბიჭაშვილები“ ქართულ ჟურნალისტიკაშიც გვყოლია და ვერ ვამჩნევდით…
ან, თუნდაც, ერთ მომენტს დაკვირვებოდით, ნეტავ, ძვირფასო მკითხველო…
„გიორგი სააკაძეში“ შადიმანი ულვაშზე რომ ხელს გადაისვამს, ალი-კვალი იმას არ ჰგავდა ერთ-ერთი იმანო ერთ კადრში?
ვაი, რომ ჰგავდა.
ბევრი რამით ჰგავდა…