შალვა პაპუაშვილი: ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ჩანაწერის გაკეთება მნიშვნელოვანია, რადგან კონსტიტუცია დგას ყველაზე მაღლა და ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი ნება

„აქედანვე გვჭირდება ჩვენს საზოგადოებასთან შეთანხმება –  გვსურს, რაღაც ტრენდებს ავყვეთ, თუ გვინდა  ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ისეთი მოწყობა,  რომელიც ტრადიციულად მოგვდგამს. სწორედ ამიტომაც განვიხილავთ დღეს თქვენთან ერთად ამ ცვლილებებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თელავში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გარკვეული ტენდენციებია, რომელზეც არის წუხილი როგორც ხელისუფლებაში, ასევე საზოგადოებაში და სწორედ ამიტომ გადაწყდა ცვლილებების  კანონმდებლობაში განხორციელება.

„არაერთხელ მოვიყვანე  ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის ციტატა, რომელიც მან ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოთქვა. ტექსტი არის შემდეგი – მცდელობა წარმოაჩინონ თითქოს სქესი არის არჩევითი და ადამიანს შეუძლია თავისი ნებით აირჩიოს სქესი. მან თქვა, რომ ეს ასე არ არის – ქალი არის ქალი  და კაცი – კაცი. ეს არის საღი აზრი და ამას მოჰყვა მქუხარე ტაში. ეს ერთ-ერთი დამაფიქრებელი მომენტია, რადგან თამამ განცხადებად იქნა აღქმული ის, რომ მიუხედავად არსებული ტრენდისა, პრემიერ-მინისტრმა როგორც იქნა გაბედა და საჯარო თქვა, რომ  ქალი – ქალია და კაცი – კაცი. ვინმე წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ასეთ სურათი შეიქმნებოდა და ასეთ განცხადებას სითამამე და გამბედაობა დაჭირდებოდა?! ალბათ, რამდენიმე წლის წინ ეს რომ ვინმეს ეთქვა, ამას ხუმრობად  და რაღაც ირონიით ნათქვამ განცხადებად მიიღებდნენ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.

თავის გამოსვლაში შალვა პაპუაშვილმა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა.

„ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ამ პროექტშია,  ქორწინების მსგავს ურთიერთობებს ეხება. 2017 წელს, როდესაც იყო დიდი საკონსტიტუციო რეფორმა,  მახსოვს, იყო დისკუსია, როდესაც იყო იდეა, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლში ჩაწერილიყო, რომ  ქორწინება არის ქალის და მამაკაცის კავშირი. მანამდე ეწერა მეუღლეები და არ იყო დაკონკრეტება. მაშინ ითქვა, რომ რა საჭირო იყო ეს ცვლილება, ყველაფერი ისედაც გასაგებია და  სამოქალაქო კოდექსშია  გაწერილი. ეს ცვლილება მაშინ მივიღეთ,  მაშინვე ეტყობოდა საით მიდიოდა საქმე. ცვლილების მიღებიდან რამდენიმე თვე დასჭირდა, რომ წამოსულიყო იდეები ქორწინების მსგავსი ურთიერთობებისა  ერთნაირსქესიანთა შორის და თვითონ ქორწინებასთან დაკავშირებითაც. ბოლო პერიოდში კი ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა აღიარეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

დრომ აჩვენა, ერთმა  – ორმა წელმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თავის დროზე – 2017 წელს იმ კომისიის მიერ, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში და კონსტიტუციის დონეზე დებულების გამყარება. კონსტიტუციით ამ საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის დგას ყველაზე მაღლა, მათ შორის საერთაშორისო პაქტებთან შედარებით. ეს არის ქართველი ხალხის უზენაესი  ნება, რომლის ზემოთაც სხვა არც ერთი ნება, არც ერთი ხალხისა და თუ  ორგანიზაციისა არ განიხილება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ