თენგიზ შარმანაშვილი: ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ მომავალი თაობა, არასრულწლოვანები ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისაგან
„ყველა ადამიანი თავისუფალია, თუმცა არავის მივცემთ პროპაგანდის საშუალებას არასრულწლოვანებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი არასრულწლოვანები ამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ისეთი პროპაგანდისაგან, რომელმაც საზოგადოება შეიძლება დეგრადირებამდე მიიყვანოს“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა თელავში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას.
მისი თქმით, ფსევდოლიბერალური მიმართულების განვითარებას ზოგჯერ გონებაც კი ვერ ეწევა.
„ასეთი ტენდენციების გააზრებაც კი ძნელია. ადამიანის უფლებები არაფერ შუაშია. აქ საუბარია პროპაგანდაზე. ამ ტიპის აღვირახსნილმა, უკონტროლო პროპაგანდამ მიიყვანა ევროპა იმ დონემდე, რომ ასეთი გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები მკვეთრად იზრდება. როდესაც ბავშვს, საბავშვო ბაღის ასაკიდან უჩიჩინებ ამ თემებს, როდესაც აჩვევ, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ბავშვს ეუბნები, რომ შენ ხარ ბავშვი და არა ბიჭი ან გოგო და როცა გაიზრდები მერე გადაწყვიტე ვინ იქნები – ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის ამ საზოგადოებაში. ¬¬ჩვენ სწორედ ამისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, ასეთი მოვლენებისგან თავის დაცვაზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, დაუშვებელია ადამიანების დევნა რაღაც შეხედულებების ან ცხოვრების წესის გამო, თუმცა, დაუშვებელი უნდა იყოს ამ თემის პროპაგანდა.
„1995 წელს, როდესაც კონსტიტუციას იღებდა საქართველო, ოჯახის რეგულირების ნაწილში იწერებოდა, რომ ეს არის მეუღლეთა ერთობლიობა. არავის აზრად არ მოსვლია, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა სხვა რამ. მაგრამ ცოტა ხანი გავიდა. მსოფლიო ტენდენციები იმ მიმართულებით განვითარდა, რომელსაც ვერავინ ივარაუდებდა მაშინ და ჩვენც, 2017 წელს მოგვიწია „ ქალისა და კაცის“ ჩაწერა. ჩვენ გვეგონა, რომ საფრთხე ზურგს უკან იყო და საშიშროება აღარ გველოდა, თუმცა 2017 წლიდან დღემდე ცოტა ხანი გავიდა და გაჩნდა ახალი საფრთხეები. წავიდა პროპაგანდა იმისა, რომ ეს არა ბიოლოგიური, არამედ არჩევანის საკითხია. სწორედ ამის დაკონკრეტება გვიწევს ახლა ამ კანონპროექტში, სადაც ჩვენ უკვე გვიწერია „გენეტიკურად ქალი“ და „გენეტიკურად მამაკაცი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.