ჯონ კირბი: დახმარების პირველი პაკეტიდან ნაწილი უკვე უკრაინელი სამხედროების ხელშია

“აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო მხარდაჭერის წინა პაკეტიდან ზოგიერთი იარაღის მიწოდება უკვე უზრუნველყო და ახლა ცდილობს, მას დანარჩენი იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდოს, მათ შორის დახმარების ახალი პაკეტიდან”, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„დახმარების პირველი პაკეტიდან, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ, როგორც დამატებითი დაფინანსების კანონის ნაწილი იმავე დღეს, როდესაც პრეზიდენტმა მას ხელი მოაწერა, ნაწილი უკვე ბრძოლის ველზე, უკრაინელი სამხედროების ხელშია.

[აშშ-ის] თავდაცვის დეპარტამენტი, ფაქტობრივად, ცასა და მიწას ატრიალებს, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ახლა კი მუშაობა იმ მარაგებზე, რომლებიც წინა პაკეტში დარჩა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ოპერატიული უსაფრთხოების მიზნით, ინფორმაციას არ გაავრცელებენ იმაზე, კონკრეტულად რა მიაწოდეს უკრაინას. მისივე თქმით, ზოგიერთი იარაღის უკრაინამდე მისვლას მეტი დრო დასჭირდება.

კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ პენტაგონი სწრაფად მუშაობს, რათა უკრაინას ახალი, 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდოს.

„ეს საკმაოდ სერიოზული პაკეტია, მასში არსებული სისტემების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია“, – განაცხადა კირბიმ.

ასევე იხილეთ