გია ვოლსკი: არ მგონია სალომე ზურაბიშვილი იმის აზრს სწვდებოდეს, რას ნიშნავს მოტივირებული შენიშვნები
“თუ იქნება ისეთი მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობის შენარჩუნებას და რაიმე ტერმინოლოგია თუ არის ისეთი, რომელიც წაგვიყვანს პოზიტიური მიმართულებით, რასაკვირველია, ეს იქნება გათვალისწინებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ვოლსკის თქმით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი კანონს ვეტო-ს დაადებს, მოტივირებულ შენიშვნებში შესაძლოა იყოს ისეთი რამ, რასაც ხელისუფლება გაითვალისწინებს და სიტუაციას პოზიტიური მიმართულებით წაიყვანს.
„არ მგონია სალომე ზურაბიშვილი იმის აზრს სწვდებოდეს, რას ნიშნავს მოტივირებული შენიშვნები. მაგრამ რეალურად, თუ იქნება ისეთი მოტივირებული შენიშვნები, რომელიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალეობის შენარჩუნებას და თან დააზღვევს დაშვებას იმის, რომ შეიძლება რეპრესია მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ან არ შეეხოს იმ ადამიანებს, რომ იტყუებიან ახლა პიროვნებებსაც შეეხებაო და ა.შ. რაიმე ტერმინოლოგია თუ არის ისეთი, რომელიც წაგვიყვანს პოზიტიური მიმართულებით, რასაკვირველია, ეს იქნება გათვალისწინებული. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამოჩნდა არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, 30 ათასიდან, რომ მოდით, მოგიწოდებთ მეგობრებო, გამოვიდეთ ყველა და დავაწყნაროთ სიტუაცია საქართველოში. რატომ იცით? მაშინ უნდა გამოვიდეს და თქვას ის „კანვასი“ ვინ დააფინანსა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.