ჩეხეთის პრეზიდენტი: უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთი არ იქნება მშვიდობიანი პარტნიორი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირების დასაწყისშია. ამის შესახებ მან Die Presse-თან ინტერვიუში აღნიშნა

მისი თქმით, თუ ევროპულ ქვეყნებს სურთ, საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა შეინარჩუნონ, რუსეთს მკაფიო საზღვრები უნდა დაუწესონ.

„თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამან შეიძლება მომავალში მნიშვნელოვანი გართულებები გამოიწვიოს”, – აღნიშნა პაველმა და დასძინა, რომ რუსეთის მიზნის მიღებით შეუძლებელი იქნება მშვიდობის მიღწევა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვს სურს, აღადგინოს საბჭოთა კავშირის იმპერიული სიდიადე, მათ შორის მისი გავლენის სფერო, რაზეც რუსეთი ღიად საუბრობს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია არ იქნება მშვიდობიანი პარტნიორი… როდესაც რუსეთი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მას წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დადგება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინას, ევროპელებიც იცავენ საკუთარ უსაფრთხოებას.

ჩეხეთის ლიდერის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის ფედერაციამ გაიგოს,  უკრაინაში სამხედრო წარმატებებს ვერ მიაღწევს, რამაც შეიძლება დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებამდე მიგვიყვანოს, „რესურსებისა და ადამიანის სიცოცხლის უაზრო ფლანგვის“ ნაცვლად.

პაველმა ასევე განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უკრაინამ უახლოეს მომავალში მთელი ტერიტორიები დაიბრუნოს. ჩეხეთის ლიდერი არ გამორიცხავს მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, თუმცა რუსეთს უნდა აუხსნან, რომ ეს მისთვის არანაირ პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად შესაძლო არჩევის საკითხს ეხებოდა, ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა დიდი ხანია, შეერთებული შტატების მიმართ „განებივრებული ბავშვივით იქცევა,“ ამიტომ, ამისთვის მზად უნდა იყოს და უსაფრთხოების სფეროში მეტი პასუხისმგებლობა აიღოს.

ასევე იხილეთ