ანრი ოხანაშვილი: კიდევ ერთხელ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ დავაზღვიოთ მომდინარე რისკები და საფრთხეები არასრულწლოვანებისთვის ისე, რომ ადამიანის უფლებები არ დავარღვიოთ
„არის საკითხები, რომელიც საზოგადოებამდე იმ დოზით და იმ ფორმით არ აღწევს, რაც კულისებს მიღმა ხდება. ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ ამ საკითხებზე გესაუბროთ. არის საკითხები, რომელიც ხელისუფლებისთვის კულისებს მიღმა არის აქტუალური. შეიძლება რაღაც ფორმით, კონკრეტული საკითხების თქმას ღიად ვერიდებით, თუმცა ეს ის დროა და ის საკითხია, რომელზეც თქვენ უნდა გესაუბროთ, რადგან კიდევ ერთხელ, მტკიცედ დავაფიქსიროთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიცია“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გორში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რომ საქართველოში აღიარებულია ოჯახი, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, რაც 2017 წლის საკონსტიტუციო ჩანაწერითაა განმტკიცებული.
„ამასთანავე, ჩვენ ვაკვირდებით იმ ტენდენციებს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში ვითარდება საზღვარგარეთ. ვაანალიზებთ იმ კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელიც დგება ჩვენს წინაშე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ეს საკითხი ეხება თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულება, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვა, შვილების დაცვა პროპაგანდისგან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, გარკვეული პერიოდის წინ დაისვა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულიყო ბაღებსა და სკოლებში გენდერული სწავლების დაწყება.
„ერთი შეხედვით, ეს თითქოს უმტკივნეულო საკითხია, რადგან ის შეფუთული იყო როგორც საუბარი თანასწორობაზე, თუმცა სიღრმისეულად შესწავლისას გაირკვა, რომ ამ ყველაფრის მიზანი იყო, რომ ერთსქესიანთა წყვილებს შეიძლება ჰყავდეთ შვილი, რომელმაც თავი დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად არ უნდა იგრძნოს. ამის გამო თურმე ბავშვებს ბაღიდანვე უნდა ასწავლონ, რომ არსებობს ერთსქესიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შვილები. შესაბამისად, სხვა ბავშვებს უნდა ავუხსნათ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩვენი პასუხი ამაზე იყო კატეგორიული უარი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საკანონმდებლო დონეზე ასეთ ჩანაწერს არ გავაკეთებდით. შესაბამისად, ეს პროცესები აქტუალური იყო შარშან და აქტუალური არის დღესაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ვითარდება ტენდენცია და მძლავრი იდეოლოგია, რომელიც ცდილობს, მძლავრად მოიკიდოს ფეხი ჩვენს ქვეყანაში.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მზარდი ტენდენცია შეიმჩნევა, სწორედ ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე და ყურადღება.
„როგორც კი ჩვენ მოვახდენთ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, ამის შემდგომი ნაბიჯია რომ – ეს არის ოჯახი და ოჯახს სრული უფლება აქვს ჰყავდეს შვილი. მეორე ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ უნდა დავუშვათ ერთსქესიანი წყვილის მიერ შვილად აყვანა და შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ ჩვენ უნდა დავუშვათ სამედიცინო ჩარევის ლეგალიზება. შემდგომი ნაბიჯი კი იქნება, რომ შედგეს ამის სწავლება ბაღებში. ჩვენ არ შევდივართ არავის განსხვავებული ცხოვრების წესის განხილვაში. არ განვიკითხავთ არავის. როდესაც იწყება საუბარი, რომ ყველაფერი ბუნებრივი – ქალად და კაცად დაბადება არაფერს ნიშნავს და ამის პოპულარიზაციას ეწევი – ჩვენი ამოცანაა, ამის პროპაგანდას და პოპულარიზაციას არ მივცეთ გასაქანი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ქვეყანაში არაერთი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ასეთი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება და საქართველოში ამ იდეოლოგიის გავრცელება, რისთვისაც დიდი თანხები იხარჯება.
„ჩვენ მოვედით, რომ კიდევ ერთხელ გკითხოთ აზრი. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს კონსოლიდირებული და მტკიცედ ჩამოყალიბებული თუ როგორი საზოგადოების შენება სურს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.