ირაკლი რუხაძე: „ოცნება“ დღეს იმდენად ძლიერია, რომ მისი არჩევნებით გაშვება რთული და შეუძლებელია. ამიტომ, თუ შენ ხარ ოპოზიცია, ერთადერთი გზა გაქვს – ეგებ გარე ძალების დახმარებით მოახერხო და მთავრობა შეცვალო
„ჩემი პირადი აზრია, რომ არანაირი კავშირი არ აქვს იმას, რაც ახლა ხდება, რამე კანონთან. კანონთან რომ ჰქონდეს კავშირი, კანონის განხილვა იქნებოდა. არავის განუხილია კანონი, პრეზიდენტის ჩათვლითაც კი. პრეზიდენტიც კი ამბობს, რომ ვეტოს დაადებს და არ ამბობს რატომ დაადებს ვეტოს”, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ პროცესში ოპოზიციის მიზანი შიდა და გარე ძალების დახმარებით ხელისუფლების შეცვლაა.
„ოცნება“ იმდენად ძლიერია დღეს, რომ მათი არჩევნებით გაშვება არის რთული და შეუძლებელი. ამიტომ თუ შენ ხარ ოპოზიცია, რომელმაც იცის, რომ არჩევნებით ვერ გაუშვებ [ხელისუფლებას], ერთადერთი გზა გაქვს – გამოიყენო რაღაც ძალები – რა თქმა უნდა შიდა, მაგრამ განსაკუთრებით გარე ძალები და ეგებ ამ გარე ძალების დახმარებით მოახერხო და მთავრობა შეცვალო“, – მიიჩნევს რუხაძე.
მან საქართველოში ასეთი შემთხვევების მაგალითებზეც ისაუბრა და გაიხსენა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან გაჩეჩილაძის არჩევნებში დაპირისპირება, როდესაც სააკაშვილს გამარჯვება ჯორჯ ბუშმა მიულოცა და ასევე სენატორ ჯინ შაჰინის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ სწორედ ის იყო ის ადამიანი, ვინც სააკაშვილს უთხრა, რომ არჩევნები წააგო და უნდა წავიდეს.
„იმას, რომ გარე ძალებს უზარმაზარი გავლენა აქვთ საქართველოზე, მარტო ეს ორი მაგალითიც ანახებს. ოპოზიციას აქვს ეს იდეა: „მე თუ დავუმტკიცე კოლექტიურ დასავლეთს, რომ ეს ხალხი ძალიან ცუდია, ეგებ დამეხმაროს მათ მოშორებაში“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.