მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ უმრავლესობის დეპუტატების პარლამენტში ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე – უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ოპოზიცია, რა პარლამენტის შენობაში არიან, ხომ უნდა მოგაფიქრდეს?!
„საიდან გაიგეს არ ვიცი, უბრალოდ, რამდენიმეს ჯაგრისი და პიჟამები დარჩენია, დაბრუნდებიან მალე და ყველა იქ იქნება. არანორმალურები არიან, საოცრებაა, წარმოუდგენელი ხალხია [ოპოზიცია]. უჩა აბაშიძის მორალის ხალხია ესენი, არ ვიცი რომელმა და რა თქვა, იქ მდინარაძის ფრაქციის პრესსამსახურიო, რომელიღაცას უთქვამს. ჯერ ერთი, ფრაქციას პრესსამსახური საერთოდ არ ჰყავს”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის შენობაში იმყოფებიან და ღამეს იქ ათევენ, “იმედი LIVE”-თან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკითხს თუ ხუმრობის გარეშე შევხედავთ, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ეს მცდარი ინფორმაცია შემთხვევითი არ არის, ვინაიდან, პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ჩატარებული ბრიფინგების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია და წინა წლების პრაქტიკა აღარ გაგრძელდება, როდესაც ამ სახის დარღვევაზე მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს აკისრებდნენ კანონდამრღვევ პირებს.
„სხვათა შორის, მგონი ეს ნიშანდობლივია და შემთხვევითი არ არის და რატომ: ვიხუმრეთ და თუ ცოტა სერიოზულად მივუდგებით ამ საკითხს, დღეს გამოვიდა ჯერ პრემიერი, მერე შინაგან საქმეთა მინისტრი და განმარტა 222-ე მუხლი, რომ ბლოკირება არის სისხლის სამართლის წესის გათვალისწინებით დასჯადი ქმედება. როგორც ჩანს, უკვე რომ მიხვდნენ, რომ წინა წლების პრაქტიკა აღარ განმეორდება და უნდა ვაღიაროთ, წინა წლებში სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავდა, შეიძლება ეს კრიტიკის საფუძველიც იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ მსუბუქი მუხლით კი არ მიმდინარეობდა, ადმინისტრაციული ჯარიმების პრაქტიკა დაინერგა. რეალურად, თუ სიტყვასიტყვით განვმარტავთ და არაერთი მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი იურისტი ადამიანი გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, მეორე ნაწილია 222-ე მუხლში, სადაც წერია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.