ირაკლი რუხაძე: „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის შემდეგ ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
„რა არის საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის შემდეგ? ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, გვაქვს უტარიფო ვაჭრობა ევროპასთან, გავხდით ასოცირებული წევრი და გვაქვს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან”, – ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„იმედის“ მფლობელმა ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის გაავლო პარალელები.
„რუსეთთან მიმართებაში რა გვაქვს? ყოველთვის ვიყავით უკრაინის მხარეს, რუსეთის წინააღმდეგ. სასამართლოები მოვუგეთ რუსეთს და ერთი ნაბიჯი არ ვიცი, რომ ჩვენ გაგვეკეთებინოს რუსეთისკენ. ამ კანონში სად წერია რამე ისეთი, რაც რუსეთისკენ მიგვაქანებს? იმის მტკიცება, რომ ჩვენ რატომღაც რუსეთის ტიპის საზოგადოება ვართ, არის სიგიჟე, აბსოლუტური სიგიჟეა. მაგრამ ეს ალტერნატიული რეალობა უნდა შეიქმნას. ეს ალტერნატიული რეალობა თუ არ შეიქმნა, იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ეგებ ამაზე გადაიარონ რაღაცნაირად და არჩევნებამდე ან არ მიიყვანონ, ან მერე გამოაცხადონ, რომ გაყალბდა, ISFED იტყვის: „მე გადავთვალე და ცუდად არის“ და ეგებ დასავლეთმაც თქვას, რომ გაყალბდა და მაშინ შევალთ [ხელისუფლებაში] ჩვენ [ოპოზიცია].
„ოცნებას“ ყველანაირი უფლება აქვს, რომ ეს კანონი მიიღოს. ევროპულობა ზუსტად ეს არის – მე და შენ რომ თამაშის წესებზე მოვილაპარაკეთ, ის თამაშის წესი უნდა დავიცვათ. ჩვენი თამაშის წესია, რომ „ოცნებამ“ რაკი მოიგო არჩევნები, ის კანონები, რომელსაც 51% სჭირდება, მისი პრეროგატივაა. კაი ბატონო, შენ მოხვალ, დაუმტკიცებ ხალხს, რომ [„ოცნებას“ ქვეყანა] რუსეთისკენ მიჰყავდა? მოდი, მოიგე არჩევნები და მერე შეცვალე ეს. მაგრამ ახლა ამაზე [საპროტესტო ტალღის] აგორება არის ზუსტად ის, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ევროპული თამაშის წესი, არც დემოკრატიული მეთოდებით მოსვლა. გავრილოვზე არ გამომივიდა და ეგებ ამაზე გამომივიდეს ახლა, რომ ეს ქვეყანა წამოვიკიდო, ავაგორო და ფეხებზე მკიდია, ეკონომიკა როგორი იქნება.
ამხელა რაღაც ხდებოდა, „აზიის განვითარების ბანკი“ – ერთ-ერთი უზარმაზარი მსოფლიო ფინანსური ორგანიზაცია ატარებს აქ, შენთან მსოფლიო შეხვედრას და იქ მიუვარდე „სირცხვილია, სირცხვილიათი“. ეს ხომ ნიშნავს, რომ ფეხებზე მკიდია ჩემი ქვეყანა, იმიტომ რომ რა უნდა გაიგოს ან რა უნდა გააკეთოს „აზიის განვითარების ბანკმა“ ამ კანონთან მიმართებაში?“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.