top_leaderboard

დავით მათიკაშვილი: დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ვეტოს წარმოვადგენო. მართალია, ის ვეტოს წარმოადგენს, ის საქართველოს აღარ წარმოადგენს

„თვალყურს ვადევნებთ ერთგვარი მოდელირებული „ქრონიკის“ ავტორების მიერ შექმნილ მცდელობას, კვლავ მოდელირებული რეალობა შესთავაზონ საზოგადოებას და მთელს მსოფლიოს”, – ასე აფასებს დავით მათიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ახალგაზრდები აქციაზე ტყუილითა და დეზინფორმაციით არიან მიყვანილები.

„იქ ტყუილითა და დეზინფორმაციით მოყვანილი ახალგაზრდები [დგანან], მოფიქრებული აქვთ სლოგანი „გაათენე საქართველოსთვის“ და ისე არ აღმოჩნდეს, „გაათენე ხაბეიშვილისთვის, ვაშაძისთვის და გვარამიასთვის“ შედეგით დაასრულონ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ კანონის გაპროტესტება არის შირმა, რომლის უკან ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდით ხელში ჩაგდება და რევოლუციური პროცესების წამოწყებაა“, – მიიჩნევს მათიკაშვილი.

ის ასევე გამჭვირვალობის კანონის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა და ყველას შეახსენა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაწერა ქვეყნის კონსტიტუციაში მუხლი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ამ ცვლილებას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა. დეპუტატმა პრეზიდენტის განცხადებაც შეაფასა.

„დღეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ვეტოს წარმოვადგენო. მართალია, ის ვეტოს წარმოადგენს, ის საქართველოს აღარ წარმოადგენს. მან კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ