ერევანში საპროტესტო აქციაზე 134 ადამიანი დააკავეს
ერევანში დაუმორჩილებლობის აქციაზე 134 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დააკავეს.
დილიდან მოქალაქეები, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის მოწოდებით, საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. გალსტანიანმა გუშინ მოსახლეობას ტოტალური გაფიცვისა და ქალაქების პარალიზებისკენ მოუწოდა. არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელია. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.