top_leaderboard

დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას

„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგადოების მოტყუების, საზოგადოებაში ტემპერატურის ადუღების  და არა არჩევნებით, არამედ რევოლუციური სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით,  კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თავისი  რევოლუციური სცენარის განხორციელებას.

 2020 წელს შემოაპარეს სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე განაჩენის შესაბამისად იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამის შემდეგ  დაიწყო სხვა დეზინფორმაცია,  პროპაგანდა იმისა,  როგორ კვდება სააკაშვილი ციხეში, როგორ ძალადობს მასზე სისტემა. მიიღეს ევროკავშირის რეზოლუციები,  სხვადასხვა დიპლომატები, საელჩოს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ერთხმად გაიძახოდნენ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდა აბსოლუტურად ცრუ და მიზანი ამისა იყო საზოგადოებაში ტემპერატურის ადუღება, რომ თითქოს ეს ფაქტი საქართველოს ევროპულ გზას აცილებდა. მეორე ფაქტი – 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველო არ ჩაერთვება ომში და არ შეუერთდება სანქციებს. ისევ  აღქმებით  შეეცადნენ საზოგადოების მოტყუებას, საზოგადოების ქუჩაში გამოყვანას, თითქოს საქართველო  სცილდება ევროკავშირს, რომ ამით ესარგებლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და  მისი ვიწროპარტიული ინტერესებით რევოლუცია მოეხდინა.  სააშკარაოზე გამოვიდა, რომ ეს არის ტყუილი. დღესაც, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ამ კანონის  ერთადერთი მიზანი არის „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა. დღესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პარტნიორებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებთ, რომ პოლიცია მივიდა და ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე ვინმეს მიმართ ძალა გამოიყენა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ